სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნა
სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება -ISFED“ და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნა.

მათი შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო, ისევე როგორც მზადება არჩევნების დღისთვის განსაკუთრებით დაზარალდა ახალი კორონავირუსის პანდემიის მასობრივად გავრცელებით და ამით განპირობებული გამოწვევებისგან.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დრამატულად გაიზარდა, რის გამოც ჯანდაცვის სისტემის მიერ მანამდე არსებული ინფიცირებული და იზოლირებული პირების აღრიცხვის სისტემა ბუნდოვანი გახდა, ცესკო-ს მცდელობა, კი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დადგენილებით დაერეგულირებინა საკითხი, არასაკმარისი აღმოჩნდა.

მათივე თქმით, პრობლემები გამოვლინდა ამომრჩეველთა სათანადო ინფორმირების და საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის კუთხით. შეფასებაში აღნიშნულია, რომ ამ ფონზე ათასობით ამომრჩევლის ხმის უფლების რეალიზების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

„წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას წინ უძღოდა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა, მკაცრი იზოლირების სახელმწიფო პოლიტიკა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკი. პანდემიასთან ბრძოლის ეგიდით ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მასშტაბური სოციალური დახმარების პროექტები განახორციელეს, რა დროსაც სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი მკაფიო არ იყო და ამ ფონზე, მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიაში დიდი უპირატესობით ჩაერთო.

სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის ფაქტები, რაც ძირითადად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ ხორციელდებოდა. საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის  შემთხვევები, ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენლებისთვის როგორც ხელის შეშლას და მუქარას, ასევე ფიზიკურ ძალადობას. ხშირ შემთხვევებში, ოპოზიციური პარტიები რეგიონებში ზეწოლის ფაქტებზე მიუთითებდნენ, რის გამოც მათ რიგებს აქტივისტები ტოვებდნენ. პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი პანდემიის საფრთხის გათვალისწინებით თავს იკავებდა ტრადიციული ფართომასშტაბიანი კამპანიური ღონისძიებებისგან, ნაწილი კი ამაზე უარს არ ამბობდა, რამაც თავის მხრივ უთანასწორო გარემო შექმნა.

წინასაარჩევნო კამპანია მაღალი პოლარიზების და პარტიების/კანდიდატების ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართებოდა, რასაც ხელს უწყობდა პოლარიზებული მედია-გარემო და სოციალურ მედიაში მიმდინარე მზარდი ანონიმური დისკრედიტაციის დასპონსორებული საინფორმაციო კამპანიები“,- აღნიშნულია არასამთავრობოების შეფასებაში.

ორგანიზაციების შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამომრჩევლებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, დამკვირვებლებზე, აქტივისტებზე და მედია საშუალებების წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის გახშირებული შემთხვევები იყო.

„საარჩევნო კამპანიის პერიოდში ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის ზეწოლის, მუქარისა და სამსახურიდან გათავისუფლების 80-ზე მეტი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. დამკვირვებლები მრავლად იღებდნენ ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი აქტივისტების თვალთვალის შესახებ, ხვდებოდნენ მოქალაქეებს, რომლებიც სოციალური შემწეობის, საჯარო სამსახურში ადგილის დაკარგვის თუ სხვა მიზეზით, პოლიტიკურ შეხედულებებს ღიად ვერ გამოხატავდნენ; არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად გავრცელდა ინფორმაცია ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით საგანგებო დავალებით რეგიონებში მივლინების შესახებ ხელმძღვანელობისგან მიღებული დირექტივით, რომ მმართველი პარტიისთვის ხმების მობილიზებისთვის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ ზეწოლის და მუქარის ბერკეტი. აღნიშნულს ყალბ ამბად აფასებს შსს და საქმეზე გამოძიება არ დაუწყია.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, გავრცელებული ინფორმაცია პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ ორი ქალი პოლიტიკოსის მიმართ, რაც განსაკუთრებით მძიმე პირობებში აყენებს ქალ კანდიდატებს და აფერხებს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობას.

ცალკეულ შემთხვევებში დამკვირვებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულებს ე.წ მხარდამჭერთა სიის მიტანას ავალებდნენ. წინასაარჩევნოდ, საჯარო სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვისა და ზეწოლის ბერკეტად მათი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებას კვლავ ტენდენციის სახე ჰქონდა – საქართველოს მასშტაბით სკოლის დირექტორების დიდ ნაწილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, თუმცა მათ ნაწილს ხელშეკრულებები არ გაუგრძელეს სავარაუდოდ, საკუთარი ან ოჯახის წევრების განსხვავებული პოლიტიკური პრეფერენციის გამო“,- აღნიშნულია არასამთავრობოების ერთობლივ შეფასებაში.

მათივე თქმით, წინასაარჩევნო გარემო განსაკუთრებით დააზიანა ძალადობრივმა შემთხვევებმა, რაც ძირითადად ფიზიკურ ძალადობაში და პარტიულ ოფისებზე თავდასხმებში გამოიხატებოდა.

„ორგანიზაციების დამკვირვებლებმა 20-ზე მეტი ამგვარი შემთხვევა გამოავლინეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მარნეულის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები, სადაც მთელი დღის მანძილზე არსებული პოლიტიკური დაძაბულობა სახელმწიფომ ვერ განმუხტა და დღის ბოლოს ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გაერთიანებული ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერები, ჟურნალისტები და დამკვირვებელი აღმოჩნდნენ. უკიდურესად საშიშ პრეცედენტად უნდა შეფასდეს სააგიტაციო პლაკატების გაკვრისას „ევროპული საქართველოს“ ადილობრივი აქტივისტის საფანტის თოფიდან დაჭრის ფაქტი. ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები მკვეთრად გამოხატული იყო ბოლნისისა და დმანისის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქშიც, სადაც ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. თავდასხმებისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე მიუთითებენ როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის ლიდერები; ამგვარი ფაქტები და საარჩევნო ოლქებში არსებული დაძაბული გარემო, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს კენჭისყრის დღისთვის მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

კამპანიის პერიოდში ადგილი ჰქონდა ოპოზიციური პარტიების ოფისების, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა კერძო საკუთრების ხელყოფას, ასევე ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ოფისში უცნობ პირთა შეპარვას, კანდიდატის განცხადებით, სათვალთვალო მოწყობილობის დამონტაჟების მიზნით. ასევე, აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სააგიტაციო მასალების დაზიანებას მასობრივი ხასიათი აქვს. დაზიანებულია როგორც ოპოზიციის ისე, მმართველი პარტიის პლაკატები“,-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

ორგანიზაციები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა განაპირობა სახელმწიფოს მიერ სოციალური დახმარების პროგრამების განხორციელების საჭიროება, თუმცა მათი რეალიზების პროცესში ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის მკაფიო არ იყო. გარდა აღნიშნულისა, გარკვეულ პროგრამებთან დაკავშირებით გაჩნდა ეჭვები მათი პოლიტიკური მიზნით, პარტიის ინტერესებისთვის გამოყენების შესახებ. მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამომრჩეველთა განწყობაზე.

უშუალოდ, მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ, აქტიურ პოლიტიკურ აგიტაციას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, დახმარებების გაცემის პროცესში პარლამენტის პარტიული მაჟორიტარი დეპუტატები და კანდიდატები აქტიურად იყვნენ ჩართული და ამის ფართოდ აფიშირებას ახდენდნენ. ამასთანავე, ტენდენციის სახე ჰქონდა მმართველი პარტიის კანდიდატების საჯარო ღონისძიებების ფარგლებში ვიზიტებს სხვადასხვა პროექტების მოსანახულებლად, რომლებიც კერძო ბიზნესის, სახელმწიფო ან/და თვითმმართველობების ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული.

მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციაში საჯარო მოხელეებისა და სახელმწიფო/მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა ჩართვის პრაქტიკა კვლავ გრძელდებოდა, მათ შორის, სამუშაო დროს სოციალური ქსელით აგიტაცია. საარჩევნო რეგულაციებისთვის ფორმალურად გვერდის ასავლელად, ხშირად მმართველი პარტიის ღონისძიებაზე დასასწრებად საჯარო მოხელეები ერთდღიან შვებულებას აფორმებდნენ. მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხშირად არ იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალური და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მმართველი პარტიის აგიტატორისა და წარმომადგენლის ფუნქციას ითავსებდნენ“,- აცხადებენ არასამთავრობოები.

მათივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა წარმოადგენდა.

„სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების მხრიდან ამომრჩევლებისათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემის ან მომსახურების გაწევის 60-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს, როგორც მმართველი პარტიის კანდიდატების, ისე  ოპოზიციური პარტიების (შედარებით მცირე მასშტაბით) წარმომადგენლების კამპანიური აქტივობებიც შეიცავდა“,- აცხადებენ არასამთავრობოები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივ შეფასებაში.

ამასთან, მათივე თქმით, კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული სათანადო უფლებამოსილების არმქონე პირები.

„სააგიტაციო შეხვედრებზე, სამუშაო საათების განმავლობაში, შეინიშნებოდა ადგილობრივი მოხელეების, ა(ა)იპების თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დასწრება. ასევე, დაფიქსირდა უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობაც. ჩართულობა გამოიხატებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, როგორც წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებაში, ისე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ სარეკლამო ვიდეოების გავრცელებაში. მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ყველა ფაქტზე დაიწყო გამოძიება და ცალკეულ შემთხვევებში სწრაფადვე დააკავა რამდენიმე პირი.

„სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, დაწყებული იყო გამოძიება 59 საქმეზე, რომლებიც არჩევნებთან ამა თუ იმ ფორმით შეიძლება იყოს დაკავშირებული. ექვს საქმეზე გამოძიება შეწყდა, ხოლო დანარჩენ 53 შემთხვევის გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამ 53 საქმიდან ცხრა საქმეში გარკვეული პირები უკვე მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. გამოძიებულ საქმეთა დაბალი რაოდენობის გამო, სამინისტრო ხშირი კრიტიკის საგნად იქცა.

აღსანიშნავია საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნოდ დისკრედიტაციის მცდელობა კონკრეტული გამოძიების გამოყენების გზით. კერძოდ, 7 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები დააკავა, რომლებსაც ბრალად საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება დასდო. გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება საარჩევნო მიზნებს ემსახურება და მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ“,- აცხადებენ არასამთავრობოები.

არასამთავრობოების განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად პანდემიით გამოწვეული ინფიცირებულთა ზრდის კვალდაკვალ საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე დროებითი სპეციალური (ad hoc) საუბნო საარჩევნო კომისიების შექმნა და ინფიცირებულ, იზოლირებულ და კარანტინში მყოფი ამომრჩევლებისათვის ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად სპეციალური ღონისძიებების შემოღება გახდა საჭირო.

„ცესკო-ს სპეციალური დადგენილება კენჭისყრის დღემდე მხოლოდ 12 დღით ადრე იქნა მიღებული, რის გამოც სპეციალური, განსხვავებული წესით არჩევნებში მონაწილეობის შესახებ თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა სათანადო და დროულ ინფორმირებაზე სერიოზული კითხვის ნიშნები გააჩინა. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა ის შემჭიდროებული ვადა, რაც განისაზღვრა თვითიზოლაციაში მყოფი პირების მიერ გადასატანი ყუთის საშუალებით ხმის მიცემის მოთხოვნის შესახებ, რამაც მათი საარჩევნო უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა შეზღუდა.

საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი მეტწილად ფორმალური იყო. უმეტეს ოლქებში, კომისიის წევრებს წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილება მიღებული და კონკურსანტთა საერთო სიაში მონიშნული ჰყავდათ, თუ ვინ უნდა აერჩიათ და გადაწყვეტილებები უბნების მიხედვით ამობეჭდილ ფურცლებზე გადაჰქონდათ. ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვდნენ დღის წესრიგში საკითხის დამატებას, რათა თითოეული კანდიდატი ცალ-ცალკე განხილულიყო და ამის შემდეგ მომხდარიყო უბნების დაკომპლექტება. ზოგ ოლქში ამ მოთხოვნას კენჭი უყარეს, თუმცა ხმათა საჭირო რაოდენობა არ დაგროვდა. შესაბამისად, პროცესი ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. რიგ ოლქებში, მათ უარი თქვეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე. ახალარჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ნაწილში იკვეთება მმართველ პარტიასთან კავშირი. ზოგიერთი წევრის ახლობელი, ოჯახის წევრი პარტიის აქტივისტი ან კოორდინატორია. საუბნო კომისიაში არჩეულთა შორის მოხვდნენ საჯარო მოხელეები, მერიის ან საკრებულოების, ასევე ადმინისტრაციული ერთეულების, მუნიციპალური ა(ა)იპების თანამშრომლები. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პირები შვებულებაში არიან. მართალია, ზემოაღნიშნული პირდაპირ დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ამ პირთა მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვს აჩენს“,- ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.