სამხრეთ ლიბიაში შეტაკებას ​ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
სამხრეთ ლიბიაში შეტაკებას ​ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

სამხრეთ ლიბიის ქალაქ საბჰაში, დაპირისპირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკებას ​ ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

არიან დაშავებულებიც, მათ შორის ქალები და ბავშვებიც. ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელმა განაცხადა.

საბჰას მთავარი საავადმყოფოს პრესსპიკერის თქმით, შეტაკებები მეექვსე დივიზიასა და ტებუს ეთნიკური ჯგუფის მებრძოლებს შორის 4 თებერვალს დაიწყო. მეექვსე დივიზია ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულ ლიბიის ეროვნულ არმიას მიეკუთვნება.

არსებობს საშიშროება, რომ შეტაკებები ლიბიის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ სამხრეთ ნაწილში დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს.

აქ ეროვნული არმია გავლენის დამყარებას ცდილობს და ტრიპოლის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის მოკავშირე ჯგუფებს უპირისპირდება.

ეროვნული არმია ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში მოწინააღმდეგე მთავრობის მოკავშირეა.

ქალაქი საბჰა დედაქალაქ ტრიპოლიდან 660 კილომეტრში მდებარეობს. ის ლიბიის ხმელთაშუა სანაპიროს აფრიკელი მიგრანტებითა და კონტრაბანდით ამარაგებს.