სამხრეთ კორეულმა ფილმმა „პარაზიტმა“ ორიგინალური სცენარისთვის „ოსკარი“ მიიღო, საუკეთესო ადაპტირებულ სცენარად კი „ბაჭია ჯოჯო“ აღიარეს
სამხრეთ კორეულმა ფილმმა „პარაზიტმა“ ორიგინალური სცენარისთვის „ოსკარი“ მიიღო, საუკეთესო ადაპტირებულ სცენარად კი „ბაჭია ჯოჯო“ აღიარეს

სამხრეთ კორეულმა ფილმმა „პარაზიტმა“ „ოსკარი“ მიიღო. მან ნომინაციაში – საუკეთესო ორიგინალური სცენარი გაიმარჯვა. რეჟისორ ბონგ ჯუნ-ჰოს ფილმი გვიამბობს ოჯახზე, რომელიც სარდაფში ცხოვრობს და არსებობს პიცის გადასატანი ყუთების შეგროვების ხარჯზე. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა უფროსი ვაჟი ინგლისური ენის მასწავლებლად იწყებს მუშაობას ძალიან მდიდარი ბიზნესმენის ოჯახში, მეგობრის რეკომენდაციით და ყალბი დიპლომით. აქ მოაფიქრდება მას გეგმა, რომელმაც მშობლები და თავისი უმცროსი და საშინელი სიღარიბისგან უნდა იხსნას.

საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის „ოსკარი“ ერგო ტაიკა ვაიტიტის „ბაჭია ჯოჯოს“. მეორე მსოფლიო ომის სატირა გვიყვება მარტოხელა გერმანელი ბიჭის ისტორიას. მისი სახელია ჯოჯო (Roman Griffin Davis) და მისი შეხედულება მსოფლიოზე თავდაყირა დადგება, როდესაც ის აღმოაჩენს, რომ მისი მარტოხელა დედა (Scarlett Johansson) მალავს ახალგაზრდა ებრაელ გოგონას (Thomasin McKenzie) თავიანთ სხვენში. ჯოჯომ თავისი იდიოტური წარმოსახვითი მეგობრის, ადოლფ ჰიტლერის (Taika Waititi) დახმარებით, უნდა დაუპირისპირდეს თავის ბრმა ნაციონალიზმს.

დაჯილდოების ცერემონიას ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრში შარშანდელის მსგავსად წელსაც არ ჰყავს წამყვანი. ნომინაციებში გამარჯვებულებს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები აცხადებენ, წამყვანების მონოლოგების ნაცვლად კი მუსიკალური ნომრებისა და ვიდეორგოლების ჩვენება მიმდინარეობს. უკვე შესრულდა „გაყინულის“ საუნდტრეკი. ასევე დაგეგმილია „გრემის“ წლევანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორის, 18 წლის ამერიკელი მომღერალის, ბილი აილიშის განსაკუთრებული პერფორმანსი.