სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

11:42, 19.02.2020

სეულის უმაღლესმა სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი ლი მიონ ბაკი კორუფციასა და თანხების მიტაცებაში დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამას გარდა, ექსპრეზიდენტს 11 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. 78 წლის ლი მიონ ბაკი სასამართლოს დარბაზშივე დააპატიმრეს.

სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურა საავტომობილო ნაწილების მწარმოებელი კომპანიის სახსრების მიტაცებაში, ასევე კომპანია „სამსუნგ ელექტრონიქსისგან“ ქრთამის აღებაში სდებდა ბრალს.

ლი მიონ ბაკი კორუფციული საქმის გამოძიების ფარგლებში 2018 წლის მარტში დააკავეს. 5 ოქტომბერს კი, ქვედა ინსტანციის სასამართლომ მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა ყოფილი პრეზიდენტი 2019 წლის მარტში ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამჟამად უმაღლესმა სასამართლომ გირაოს გაუქმების გადაწყვეტილებაც მიიღო.

ლი მიონ ბაკი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თანამდებობას 2008-2013 წლებში იკავებდა.

მსგავსი