სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ორი ჩრდილოეთკორეელი სამხედრო ტყვის სეულში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო მისმა ქვეყანამ უკრაინისგან ბოდიში მიიღო

15:15, 06.10.2026

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩო ჰიუნი აცხადებს, რომ ორი ჩრდილოეთკორეელი სამხედრო ტყვის სეულში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო მისმა ქვეყანამ უკრაინისგან ბოდიში მიიღო.

მინისტრის თქმით, კიევის ბოდიში ოფიციალური სეულის მოლოდინებს არ აკმაყოფილებს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზე ვიყავი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან და მან გამოხატა, თუ რამდენად რთულია სიტუაცია. სიბიგასგან მიღებული შეტყობინებები ბოდიშსაც შეიცავდა, თუმცა ეს არ აკმაყოფილებს იმ დონეს, რასაც ველოდით, ამიტომ ვაპირებთ გადამწყვეტი ზომების მიღებას“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სამხრეთ კორეის მთავრობა განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის უკრაინაში სამხრეთ კორეის ელჩის, პარკ ჰი-ჩანის გამოწვევის შესაძლებლობასაც.

ცნობისთვის, სეულმა კიევისგან ოფიციალური ახსნა-განმარტება და ბოდიში მოითხოვა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ თვეში, გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას გაამხილა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში დატყვევებული ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები უკრაინამ სამხრეთ კორეას გადასცა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ლი ჯე-მიონგმა განაცხადა, რომ უკრაინამ მხარეებს შორის კონფიდენციალურობის შესახებ წინასწარ მიღწეული შეთანხმება დაარღვია. სეულის ოფიციალური ახსნა-განმარტებისა და ბოდიშის მოხდის მოთხოვნის საპასუხოდ სიბიგამ სიტუაციას „დიპლომატიური გაუგებრობა“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ის მალე მოგვარდება.

მსგავსი