სამხრეთ კორეის საავადმყოფოში ხანძარს 31 ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ კორეის საავადმყოფოში ხანძარს 31 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ კორეის ქალაქ მირიანში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 31 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სამაშველო სამსახურებზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია წერს.

სავარაუდოდ, ხანძარი სასწრაფო დახმარების ოთახში გაჩნდა, რომელიც ძირითადად ხანშიშესული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.

პოლიციის მონაცემებით, იმ დროისთვის შენობაში დაახლოებით 200 პაციენტი იმყოფებოდა. მათივე ცნობით, დაშავებულია დაახლოებით 40 ადამიანი, მათგან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

სახანძრო სამსახურის უფროსის თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მისივე ცნობით, საავადმყოფოს გვერდით მდებარე მოხუცებულთა თავშესაფრიდან 93 პაციენტის ევაკუაცია მოხერხდა.

პოლიციის განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობა დიდი ალბათობით გაიზრდება.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზების თაობაზე საგანგებო შეხვედრას მართავს.

ქალაქი მირიანი ქვეყნის დედაქალაქ სეულიდან 270 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.
მსგავსი მასშტაბური ხანძარი სამხრეთ კორეაში გასულ გასულ წელსაც მოხდა. სპორტულ ცენტრში გაჩენილ ხანძარს მაშინ 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.