სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა აშშ-ში რეიდისას დაკავებულ კორეელებს მხარდაჭერა გამოუცხადა და ბრძანება გასცა, რათა ფაქტზე სწრაფი რეაგირება მოხდეს 

17:44, 06.09.2025

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი მხარდაჭერას უცხადებს აშშ-ში რეიდის დროს დაკავებულ კორეელებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, გამოიყენონ ყველა ძალისხმევა, რათა სწრაფი რეაგირება მოახდინონ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის მიერ ჯორჯიის შტატში, „ჰიუნდაის“ ქარხანაში რეიდის დროს კორეელების დაკავებაზე.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობამ შექმნა გუნდი რეაგირებისთვის და შესაძლოა, ვაშინგტონში ოფიციალურ პირებთან შესახვედრად ჩავიდეს, თუ ეს საჭირო იქნება.

„ღრმად შეშფოთებული ვარ. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩვენი მოქალაქეების დაკავების გამო“, – განაცხადა სამხრეთ კორეის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მთავრობის საგანგებო შეხვედრაზე.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა ჯორჯიის შტატში მდებარე „ჰიუნდაის” ქარხანაში მასშტაბური რეიდი ჩაატარა, რომლის დროსაც 475 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა უმეტესობა სამხრეთ კორეის მოქალაქეები არიან. აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ აგენტებმა ჩხრეკის ორდერი აღასრულეს „არაკანონიერი დასაქმების პრაქტიკისა და სხვა სერიოზული ფედერალური დანაშაულების“ ბრალდების გამო.

მსგავსი