სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისმა საპრეზიდენტო ვადის განსაზღვრის შესახებ ახალი შეთავაზება წარადგინა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისმა საპრეზიდენტო ვადის განსაზღვრის შესახებ ახალი შეთავაზება წარადგინა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისმა საპრეზიდენტო ვადის განსაზღვრის შესახებ ახალი შეთავაზება წარადგინა. მათი განცხადებით, სასურველია, ქვეყანა მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული 4-წლიანი საპრეზიდენტო ვადის პრაქტიკაზე გადავიდეს და პრეზიდენტის არჩევა ორი ვადით იყოს შესაძლებელი.

ამჟამად არსებული პრაქტიკით, სამხრეთ კორეაში პრეზიდენტს 5 წლით ირჩევენ, რაც, ადმინისტრაციის შეფასებით, დიქტატურის ხანის გადმონაშთია.

ლურჯი სახლის შეთავაზებაში ასევე საუბარია ხმის მიცემის უფლებისთვის განსაზღვრული საჭირო ასაკის დაწევაზეც. მათი განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან უნდა შეეძლოთ. ახლა სამხრეთ კორეაში ეს ზღვარი 19 წელია, რაც, პრეზიდენტის ოფისის შეფასებით, არასწორი პრაქტიკაა და ასევე გამოარჩევს სამხრეთ კორეას ცივილიზებული სამყაროდან.

აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება სამხრეთ კორეის პარლამენტს განხილვისთვის გადაეცემა. იმისათვის, რომ საკითხი რეფერენდუმზე გავიდეს, პარლამენტში კანონმდებელთა ორი მესამედის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.