სამხრეთ კორეაში მყოფ ამერიკელ სამხედროს კორონავირუსი დაუდგინდა
სამხრეთ კორეაში მყოფ ამერიკელ სამხედროს კორონავირუსი დაუდგინდა

„სიენენის“ ცნობით, სამხრეთ კორეაში მყოფ ამერიკელ სამხედროს კორონავირუსი დაუდგინეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვირუსი აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეს აღმოაჩნდა. 23 წლის მამაკაცი სამხრეთ კორეაში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილში მსახურობს.

ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში ვირუსის გავრცელების დღიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვი 1 100-ს აჭარბებს, დაიღუპა 12 ადამიანი.

რთული ვითარებაა იტალიაშიც, სადაც ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 11-ს მიაღწია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი კი ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 322-ია.

მიუხედავად ამისა, იტალიის მეზობელი სახელმწიფოების მთავრობები აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო საზღვრების ჩაკეტვას არ განიხილავენ.

ვირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა საფრანგეთში. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ლათინურ ამერიკაშიც. კერძოდ, ბრაზილიაში დაავადება დაუდგინეს იტალიიდან ახალდაბრუნებულ მამაკაცს. ასევე იტალიიდან დაბრუნებულ მამაკაცს აღმოაჩნდა ვირუსი ალჟირშიც.