სამხრეთ კორეაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის შიდა გადაცემის 12 შემთხვევა გამოვლინდა
სამხრეთ კორეაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის შიდა გადაცემის 12 შემთხვევა გამოვლინდა

სამხრეთ კორეაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის შიდა გადაცემის 12 შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ღამის კლუბის კლასტერს უკავშირდება. ინფორმაციას „ალჟაზირა“ ავრცელებს.

6 მაისის შემდეგ, საერთო ჯამში ვირუსის 131 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სულ 35 ათასი ტესტი ჩაატარა. მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც 24 აპრილიდან 6 მაისამდე დროის პერიოდში ღამის კლუბებში იყვნენ, გაიარონ ვირუსზე ტესტირება. კლუბები, საიდანაც ვირუსის ახალი შემთხვევები გავრცელდა ამ დროისთვის დახურულია.

ეპიდემიოლოგების ცნობით, ინფექცია სეულის ორ რაიონში, ათ ბარსა და კლუბში გავრცელდა. ერთ-ერთი პირველი შემთხვევა აქ აპრილის დასაწყისში გამოვლინდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 10 991 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 260 ადამიანი.