სამხრეთ კორეა იაპონიას საიმედო სავაჭრო პარტნიორების სიიდან ამოიღებს
სამხრეთ კორეა იაპონიას საიმედო სავაჭრო პარტნიორების სიიდან ამოიღებს

სამხრეთ კორეა იაპონიას საიმედო სავაჭრო პარტნიორების სიიდან ამოიღებს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ესაა სეულის საპასუხო რეაქცია, მიმდინარე თვის დასაწყისში ტოკიოს ანალოგიურ გადაწყვეტილებაზე. სამხრეთ კორეის ინდუსტრიის და ვაჭრობის მინისტრის, სუნ იუნ მოს განცხადებით, ვაჭრობა პრობლემატურია ისეთ ქვეყანასთან, რომელიც პერიოდულად არღვევს ვაჭრობის ძირითად პრინციპებს.

მიმდინარე წლის ივლისში იაპონიამ სამხრეთ კორეის ტექნოლოგიური მწარმოებლებისთვის აუცილებელი მასალების ექსპორტზე წესები გაამკაცრა.

ორმხრივი სავაჭრო დაძაბულობა გასულ წელს სამხრეთ კორეის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამწვავდა, რომელმაც იაპონიის კომპანიებს დაავალა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს იძულებითი შრომისთვის, კორეელებისთვის კომპენსაცია გადაეხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება იაპონიამ დაგმო. ტოკიოში თქვეს, რომ დავა 1965 წელს გადაწყდა, როდესაც მეზობელ სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზება მოხდა.