სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებში ქარიშხალი „ფლორენსის“ მოახლოების გამო, ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო
სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებში ქარიშხალი „ფლორენსის“ მოახლოების გამო, ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო

სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებში ქარიშხალი „ფლორენსის“ მოახლოების გამო, მილიონობით ადგილობრივის ევაკუაცია დაიწყო. სამხრეთ კაროლინის გუბერნატორის, ჰენრი მაკმასტერის განცხადებით, ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლში საკუთარ სახლებს დაახლოებით მილიონი ადამიანი დატოვებს. ჩრდილოეთ კაროლინის შტატში კი, 50 ათასი პირის ევაკუაცია განხორციელდება.

ქარიშხალ „ფლორენსის“ გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ვირჯინიისა და მერილენდის შტატებშიც. სტიქიის სიმძლავრე მეხუთე კატეგორიას უახლოვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქარის სიჩქარემ შესაძლოა საათში 220 კილომეტრს მიაღწიოს. „ფლორენსი“ სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებში 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალია. ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ სტიქიამ შესაძლოა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვიოს. რაიონებში, რომლებიც შესაძლოა სულ ცოტა ხანში სტიქიის ეპიცენტრი გახდეს, მოსახლეობა სასმელ წყალს და საკვებს იმარაგებს.

ქარიშხალ „ფლორენსის“ მოახლოებას გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატების, ასევე ვირჯინიის შტატის გუბერნატორებს სტიქიის შესახებ გაესაუბრა. თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ სტიქიის ზონაში არსებული მთავრობები მზად არიან მოსახლეობას დახმარება 24 საათის განმავლობაში გაუწიონ.