სამხრეთ აფრიკამ იაპონია დაამარცხა და ნახევარფინალში უელსს შეხვდება | იაპონია 2016
სამხრეთ აფრიკამ იაპონია დაამარცხა და ნახევარფინალში უელსს შეხვდება | იაპონია 2016

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე ბოლო მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს იაპონიისა და სამხრეთ აფრიკის გუნდები შეხვდნენ.

პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბული და დაბალშედეგიანი გამოდგა. მეოთხე წუთზე სამხრეთაფრიკელთა მიერ დადებულ ლელოს (მაპიმპი) იაპონელებმა მეოცე წუთზე ერთი ჯარიმით უპასუხეს (ტამურა) და გუნდები შესვენებაზე ანგარიშით 3:5 გავიდნენ.

მეორე ნახევარში თამაშის სურათი არ შეცვლილა, თუმცა სამხრეთაფრიკელებმა სამი ჯარიმით ცხრა უპასუხო ქულის მოგროვება მაინც მოახერხეს და ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა 11 ქულამდე გაზარდეს – 3:14.

საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო მატჩში კვანძი მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნა. 66-ე და 69-ე წუთებზე სამხრეთაფრიკელებმა კიდევ ორი ლელოს დადება მოახერხეს (დე კლერკი, მაპიმპი) და მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტეს – 3:26.

დარჩენილ 10 წუთში, როგორც მოსალოდნელი იყო, იაპონელებმა ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს და მატჩი აფრიკელთა გამარჯვებით დასრულდა.

ამრიგად, მსოფლიო თასზე ნახევარფინალური წყვილები გაირკვა:

26 ოქტომბერი
ინგლისი – ახალი ზელანდია (12:00)

27 ოქტომბერი
უელსი – სამხრეთ აფრიკა (13:00)

ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.