საქართველოს თავდაცვის ძალები გაუყინავი, ქართული წარმოების ხორცით მომარაგდება
საქართველოს თავდაცვის ძალები გაუყინავი, ქართული წარმოების ხორცით მომარაგდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, კონსოლიდირებული ტენდერის ხელახლა გამოცხადებამდე, შესყიდვების სააგენტოსგან იღებს ერთთვიან უფლებას, გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის ძალები უწყვეტად მომარაგდეს ქართული წარმოების, გაუყინავი, ხორცით, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, ამ უფლების მოპოვების შემდეგ კვების კომპანია ერთთვიან ხელშეკრულებას გაუფორმებს კომპანიას, რომელიც თავდაცვის ძალების ქართული ხორცით მომარაგებას უზრუნველყოფს. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების სააგენტოსთან კოორდინაციით მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართველ ფერმერებთან, რათა ჯარის ქართული ხორცით უწყვეტი მომარაგების მიზნით მობილიზება მოახდინონ.

„საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებული ახალი პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სამხედროების კვებითი მომსახურების უმაღლეს სტანდარტებზე გამახვილდა. 2019 წლის პირველი ნოემბრიდან კვებით რაციონში ხორცის ნორმა შეიცვალა. ასევე, მინისტრის დავალებით, შეიცვალა კვების რაციონი და მთელი პირადი შემადგენლობა გადავიდა სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის განსაზღვრულ კვებაზე, რაც გულისხმობს კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას. საერთო ჯამში, კვებაზე დანახარჯი პირველი ნოემბრიდან 25 პროცენტით გაიზარდა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და ასევე აღნიშნულია, რომ 2020 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში მოთხოვნილი იქნება ჯარის მხოლოდ უმაღლესი კატეგორიის და ქართული ხორცით კვება.

ამასთან, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, 2019 წლის პირველი ნოემბრიდან თავდაცვის ძალებში საკვები პროდუქტები, მათ შორის ხორცპროდუქტები მისი უშუალოდ მიღების, გალღობისა და დამუშავების დროს განსაკუთრებულ შემოწმებას გადის.

გარდა ამისა, როგორც უწყება აღნიშნავს, მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.