სამხედრო კონფლიქტების საფრთხე იზრდება - რას წერენ ექსპერტები მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში
სამხედრო კონფლიქტების საფრთხე იზრდება - რას წერენ ექსპერტები მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში

საერთაშორისო წესრიგი დარღვეულია, სამხედრო კონფლიქტების საფრთხე იზრდება, – ეს ის მთავარი დასკვნებია, რომლებზეც მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის ექსპერტების მიერ მომზადებულ ანგარიშშია საუბარი, რომელსაც Deutsche Welle აქვეყნებს. დოკუმენტის ავტორთა თქმით, მსოფლიო პოლიტიკაში საშიში ცვლილებებია.

როგორც Deutsche Welle წერს, ანგარიშში სახელწოდებით “უფსკრულის კიდემდე და უკან?” ნათქვამია, რომ შარშან კაცობრიობა სერიოზული შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარს მიუახლოვდა. როგორც მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერის წინასიტყვაშია ნათქვამი, არსებობდა კონფლიქტის საფრთხე აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის. ასევე ხაზგასმულია ირანისა და საუდის არაბეთის გამძაფრებული კონკურენცია რეგიონში, რომელიც სისხლისმღვრელ ომშია ჩაფლული. კვლავ დაძაბულია ურთიერთობები NATO-სა და რუსეთს შორისაც.

 

აშშ-ის საგარეო პოლიტიკა იცვლება

მიუნხენის კონფერენციამდე გამოქვეყნებული დოკუმენტის ავტორები ჯერ კიდეც შარშან ამახვილებდნენ ყურადღებას აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში მოსალოდნელ ცვლილებებზე. ისინი წერდნენ, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა უფრო ცალმხრივი და ნაციონალისტური გახდება. წელს ექსპერტები ღიად ადასტურებენ, რომ აშშ-ი საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტორის როლზე უარს ამბობს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-ი აღარ ავლენს ინტერესს იმ გლობალური თუ რეგიონალური ინსტიტუტების განვითარებისადმი, რომლებიც საერთაშორისო წესრიგს ადგენენ. მათივე თქმით, აშშ-ი დაემშვიდობა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და ამას თეთრ სახლში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ითვალისწინებენ.

ამის დასტურად ექსპერტებს დიპლომატიისადმი ინტერესის შემცირებაც მოჰყავთ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტი შემცირდა, ხოლო სამხედრო ხარჯები იზრდება. დოკუმენტში მოყვანილია ამერიკელი ექსპერტის ჯონ აიკენბერის ციტატაც: “მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო იმ წესრიგის საბოტაჟს ცდილობს, რომელიც მანამდე თავად დაადგინა”.

 

ევროპა საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვას იწყებს

აშშ-ის ეს პოლიტიკა ევროპელებს საკუთარ თავდაცვაზე დამოუკიდებლად ზრუნვისკენ უბიძგებს. ანგარიშის ავტორები იხსენებენ ანგელა მერკელის მიერ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ “დრო, როდესაც ევროპას სხვისი იმედი ჰქონდა, წარსულს ჩაბარდა”.

ეს განცხადება ითვალისწინებს სამხედრო ხარჯების გაზრდას. თუ ევროკავშირის ყველა წევრი და ნორვეგიაც თავდაცვის ბიუჯეტს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზრდიან, მაშინ 2024 წლისთვის საერთო ჯამში ევროპის სამხედრო ხარჯები 383 მილიარდ დოლარს მიაღწევს. თუმცა, როგორც ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, ევროპელებს დამატებით მაინც მოუწევთ კოორდინაციისა და ციფრული ტექნოლოგიების კუთხით ხარვეზების აღმოფხვრა. ასევე აუცილებელია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამხედრო წარმოების კონსოლიდაციაც.

კლიმატის ცვლილებები, კონფლიქტები, მიგრაცია

მიუნხენის კონფერენციის ანგარიშის ავტორები კვლავ ხაზს უსვამენ კლიმატის ცვლილებებსა და მიგრაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებსაც. დოკუმენტში სინანულია გამოთქმული იმის გამო, რომ აშშ-მა პარიზის შეთანხმება დატოვა და ვაშინგტონის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში კლიმატის ცვლილებები საფრთხედ აღარ არის მოხსენიებული.

ექსპერტების თქმით, კლიმატის ცვლილებებსა და კონფლიქტებს შორის პირდაპირი კავშირი იკვეთება, ხოლო ეს ყველაფერი მიგრაციულ პროცესებზე აისახება.

 

წყარო: Deutsche Welle