სამხარაულის დასკვნის საფუძველზე, პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ა.ტ.-სა და დ.გ.-ს ბრალდებები დაუმძიმა
სამხარაულის დასკვნის საფუძველზე, პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ა.ტ.-სა და დ.გ.-ს ბრალდებები დაუმძიმა

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულ ა.ტ.-სა და დ.გ.-ს ბრალდებები დაუმძიმა. ამის შესახებ პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს.

„საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ა.ტ.-ს და დ.გ.-ს ბრალდებები დაუმძიმა.

ბრალის დამძიმებას საფუძვლად დაედო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ა.ტ.-ს და დ.გ.-სთვის წარდგენილ ბრალდებებს დაემატა შესაბამისი კვალიფიკაცია – წამებაში დახმარება, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დამძიმებული ბრალდების მიხედვით ა.ტ.-ს და დ.გ.-ს ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე 25-144′ მუხლის მე-2 ნაწილის „ე“,„ზ“, და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით. ბრალად წარდგენილი დანაშაულები სასჯელის სახით ითვალისწინებს თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას“, – განუცხადეს პირველ არხს პროკურატურაში.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „საქმეზე წარმოდგენილი მასალების მონაცემებით, სიკვდილთან მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამო, არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი“.