სამი მოზარდის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდას ექსპერტიზა ჩაუტარდება
სამი მოზარდის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდას ექსპერტიზა ჩაუტარდება

სამი  მოზარდის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდას ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს ნომერ მე-7 დაწესებულებაში სხეულზე ექსპერტიზა ჩაუტარდება, – ამის შესახებ პირველ არხს დაკავებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, განყოფილებაში ექსპერტების მისვლის შემდეგ, დაკავებულს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციციაზე არ საუბრობს, დაკავებულის არასრულწლოვნებიდან გამომდინარე.

ამასთან, შეკითხვაზე – ხომ არ ჰქონდა დაკავებულის მიმართ, რაიმე სახის ძალადობას პოლიციის განყოფილებაში ადგილი, ირმა ჭკადუამ აღნიშნა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა და ბრალდებული კანონით მინიჭებ ულ უფლებას იყენებს, რომლის ფარგლებშიც ექსპერტიზის ჩატარების უფლება აქვს. 

ირმა ჭკადუას მტკიცებით, ყოფილი თანაკლასელების დაჭრაში ბრალდებული გუშინ პოლიციას თავად ჩაბარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, 2000 წელს დაბადებულ ა.ნ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს – 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში