30 ივლისს გამთენიისას ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა. NBA-ის გუნდმა სანდრო მამუკელაშვილი 2021 წლის დრაფტზე აიყვანა და ის გახდა მე-7 ქართველი კალათბურთელი, რომელიც კალათბურთის საუკეთესო ლიგაში სათამაშოდ აირჩიეს.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის მძიმე ფორვარდი მეორე წრეში 24-ე ნომრად „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია და შემდეგ „მილუოკი ბაქსთან“ გაცვალა.
რა თქმა უნდა, ახალი მოთამაშის დამატების შემდეგ საუბარი არ წყდება მის მომავალ როლსა და იმ უნარებზე, რომლის საშუალებითაც გუნდი შეძლებს განვითარებას. ამერიკულმა მედიამ, behindthebuckpass-მა საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი როგორ მოერგება ქართველი კალათბურთელი თავის ახალ გუნდს.
სამი მიზეზი, რატომ შეეწყობა სანდრო მამუკელაშვილი „მილუოკი ბაქსს“
„დრაფტის ღამეს, „ინდიანა პეისერსთან“ გაცვლის შემდეგ „ბაქსმა“ სანდრო მამუკელაშვილი გაიფორმა. მამუ „მილუოკიში“ „სეტონ ჰოლიდან“ მოდის და მისი საკალათბურთო თავგადასავალი სამ ქვეყანას მოიცავს.
ახლა სანდრო მისი კერპის, საქართველოს ნაკრებისა და „მილუოკი ბაქსის“ ყოფილი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას გზას მიჰყვება და შანსი ექნება თავისი კვალი დატოვოს ამ გუნდში, რასაც მამუკელაშვილი საინტერესო გზებით შეეცდება.
სანდრო მამუკელაშვილი „მილუოკი ბაქსს“ კრეატიულობას შემატებს
იანის ანტეტოკუნმპოს შემხედვარე „ბაქსის“ გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, მიჩვეულები არიან 211 სანტიმეტრის ფორვარდის ყურებას, რომელსაც ბურთის ტარებაც შეუძლია და გუნდის შეტევის წარმართვაც, შესაბამისად, მათ არ გაუკვირდებათ მსგავსი უნარების მქონდე მოთამაშის ხილვა.
მამუკელაშვილი „მეკობრეების“ შეტევის მთავარი კრეატიული ძალა იყო, მას გუნდში დიდი როლი ჰქონდა და საბოლოო ჯამში, Big East-ის წლის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.
ბურთის ტარების, თამაშის წაკითხვისა და ყველა ადგილიდან პასების მიცემის უნარი მამუკელაშვილს დაეხმარა საშუალოდ სეზონში 3.2 პასი დაეგროვებინა. რა თქმა უნდა, როლი, რომელიც სანდროს „სეტონ ჰოლში“ ჰქონდა „მილუოკიში“ იგივე არ იქნება და ის ლიმიტირებულ სათამაშო დროს მიიღებს. ახლა კი „ბაქსის“ სამწვრთნელო შტაბზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განავითარებენ მამუკელაშვილის პასის მიცემის უნარს და შეუქმნიან მას გარკვეულ როლს.
სანდრო მამუკელაშვილის სახით „მილუოკის“ კარგი მსროლელი დაემატება
პასის მიცემის დამაინტრიგებელი უნარის გარდა, მამუკელაშვილს შეუძლია პარკეტზე თავისუფლად გადაადგილება, რითიც ის აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც „ბაქსი“ თითოეულ მოთამაშეს სთხოვს.
მამუკელაშვილს სტუდენტურ ლიგაში 298-ჯერ აქვს ნასროლი და 33.9 პროცენტი სიზუსტით, მას პერიმეტრიდან მრავალმხრივ შეუძლია ბურთის სროლა. სროლის პროცენტული მაჩვენებლის მხრივ მისი საუკეთესო სეზონი კოლეჯის მესამე წელს იყო, როდესაც 53-დან 23 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა (43.4%), ამ სეზონში მან ტრავმა მიიღო. მამუკელაშვილი სტუდენტური ლიგის მეოთხე წელს დაბრუნდა, რა დროსაც მისი ეს მაჩვენებელი 33.6 პროცენტამდე შემცირდა (125-დან 42 გამოყენებული სროლა).
„მილუოკი“, რა თქმა უნდა, შეეცდება სანდროს სამქულიანების გაუმჯობესებას, რადგან მისი მომავალი მეტწილად ამ უნარზე იქნება დამოკიდებული.
სანდრო მამუკელაშვილი ფარქვეშ დიდი ძალა იქნება
თუ გავითვალისწინებთ მისი შეტევის წარმოქმნისა და ბურთის ტარების უნარებს, მამუკელაშვილი ზუსტად მოერგება „ბაქსის“ სწრაფ შეტევებსა და ტემპს.
მამუს თავადაც შეუძლია შეტევაში სწრაფად გადასვლა და ფარქვეშ შესვლა, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი უნარია. მან ეს წინა სეზონში დაამტკიცა, როდესაც თამაშში საშუალოდ 17.5 ქულას აგროვებდა.
Hoop-Math-ის მიხედვით, მამუკელაშვილი თავისი სროლების 47.4 პროცენტს ფარქვეშიდან ისროდა და წინა სეზონში მან ამ მანძილიდან 55.4 პროცენტი ზუსტად შეასრულა.
აგრესიული დაცვის წინააღმდეგ მამუკელაშვილს შეტევის დასრულების არაერთი ვარიანტი აქვს არსენალში. სანდროს შეუძლია აგრესიული შეტევა. მამუკელაშვილი „სეტონ ჰოლის“ შემადგენლობაში 40 წუთში საშუალოდ 5.5-ჯერ დგებოდა საჯარიმოს სასროლად.
ქულების დაგროვების პოტენციალი მხოლოდ და მხოლოდ ზრდის მის შეტევით შესაძლებლობებს. საინტერესო იქნება იმის ხილვა, თუ როგორ იმოქმედებს სათამაშო დროის შემცირება მის ეფექტურობაზე, მაგრამ კარგია, რომ მისი სათამაშო უნარები კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადადის.
ჩვენ უბრალოდ უნდა ვუყუროთ რას უმზადებს მომავალი მამუკელაშვილს „ბაქსში“ და დაკვირვების შესაძლებლობა პირველად საზაფხულო ლიგაში გვექნება, რომელიც შემდეგ თვეში ლას ვეგასში გაიმართება.“
სანდრო მამუკელაშვილს „სეტონ ჰოლის“ შემადგენლობაში, ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, მან საშუალოდ 17.5 ქულა, 7.6 მოხსნა და 3.2 პასი დააგროვა, პერიმეტრიდან კი 33.6 პროცენტით ისროდა.