კიდევ ერთი ქართველი NBA-ში - მამუკელაშვილი „მილუოკი ბაქსის“ კალათბურთელია #1TVSPORT
კიდევ ერთი ქართველი NBA-ში - მამუკელაშვილი „მილუოკი ბაქსის“ კალათბურთელია #1TVSPORT

დღეს, 30 ივლისს NBA-ის 2021 წლის დრაფტი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი იღებდა მონაწილეობას.

22 წლის კალათბურთელი მეორე რაუნდის 24-ე ნომრად „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია და „მილუოკი ბაქსს“ გაუცვალა.

სანდრო მე-7 ქართველია ისტორიაში, რომელიც NBA-ის დრაფტებზე აურჩევიათ. შეგახსენებთ, რომ აქამდე კალათბურთის უმაღლეს ლიგაში ვლადიმერ სტეფანიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილის, ზაზა ფაჩულიას, თორნიკე შენგელიასა და გოგა ბითაძეს უთამაშიათ, ხოლო ვიქტორ სანიკიძე „სან ანტონიომ“ აიყვანა, თუმცა NBA-ში გამოსვლის საშუალება არ მისცემია.

სანდრო ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოხვედრას ნამდვილად იმსახურებდა. არაერთი გამოცემის აზრით, ის ერთ-ერთი დაუფასებელი მოთამაშეა ამ დრაფტზე და მას დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ. მამუკელაშვილმა წინა სეზონი „სეტონ ჰოლში“ უმაღლეს დონეზე ჩაატარა და არაერთ პრიზთან ერთად, Big East-ის წლის საუკეთესო კალათბურთელიც გახდა.

რაც შეეხება „მილუოკის“, გუნდი გასული სეზონის ჩემპიონია და ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. მასში სხვადასხვა დროს, ორჯერ ითამაშა ზაზა ფაჩულიამ – 2004-05 და 2013-15 წლებში.