სამი მედალი თეირანიდან - ქართველი კარატისტების წარმატება საერთაშორისო ტურნირზე [ვიდეო] #1TVSPORT

ირანის დედაქალაქ თეირანში ყოველწლიური (რიგით მე-17) საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც 15 ქვეყნის 1500-მდე სპორტსმენს შორის საქართველოს შოტოკან კარატეს კონფედერაციის გუნდმაც მიიღო მონაწილეობა.

პრესტიჟულ შეჯიბრზე ქართველმა კარატისტებმა ზედიზედ მეათედ მიიღეს მონაწილეობა და ამჯერადაც წარმატებით იასპარეზეს. ვერცხლისა და  ბრინჯაოს მედლები მოიპოვა 15 წლის ნიკა ყარმაზანაშვილმა ინდივიდუალურ კატასა და კუმიტეში (65 კგ-მდე წონით კატეგორიაში).

უფროს კატეგორიაში ინდივიდუალურ კატაში კი ვერცხლის მედალი აიღო მზეჭაბუკ მახარაძემ. მზეჭაბუკ მახარაძე არის მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, სპორტსმენი და წარმატებული ინსტრუქტორი, შავი ქამრის და V დანის მფლობელი, საქართველოს შოტოკან კარატე კონფედერაციის უფროსი ინსტრუქტორი. საერთაშორისო ტურნირებზე ის 2000 წლიდან რეგულარულად და წარმატებით ასპარეზობს, მოპოვებული აქვს ყველა სინჯის 100-მდე მედალი.