სამი ევროპარლამენტარი „თბილისი პრაიდის“ გაუქმებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
სამი ევროპარლამენტარი „თბილისი პრაიდის“ გაუქმებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ევროპარლამენტარები – მარინა კალიურანდი, ვიოლა ფონ კრამონი და სვენ მიქსერი „თბილისი პრაიდის“ გაუქმებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„მკაცრად ვგმობთ თბილისში გუშინდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტების, თემის წევრებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რის გამოც სამწუხაროდ იძულებით გაუქმდება LGBTQI-ის პრაიდის მსვლელობა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ და რელიგიურმა ლიდერებმა ვერ ისაუბრეს ხამაღლა და მკაფიოდ ჰომოფობიური რიტორიკის წინააღმდეგ პრაიდის მსვლელობის წინ. ვწუხვართ იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა მზად არ არის, უზრუნველყოს ტოლერანტობისადმი მიძღვნილი შეკრების უსაფრთხოება, ისევე როგორც სხვა მოქალაქეებს. LGBTQI+ პირებს უნდა შეეძლოთ ისეთი კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობა, როგორიცაა მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობა.

საქართველოს ხელისუფლებამ ხმამაღლა გააჟღერა განზრახვა 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის ოფიციალური შეტანის თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, გვსურს შევახსენოთ მათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობები, რომლებიც ცნობილია კოპენჰაგენის კრიტერიუმებით, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს, რომ ქვეყანას აქვს ინსტიტუტების სტაბილურობა, რაც დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას უზრუნველყოფს. ჩვენ ველოდებით საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ზემოთ ხსენებული თავდასხმების ჩამდენ პირებს დააკავებენ და კანონის სრული სიმკაცრით დააკისრებენ პასუხისმგებლობას“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე 6 ივლისს გამოქვეყნდა.

დატოვე კომენტარი