„სამგურალთან“ დაშავებული ჩაბრაძე საავადმყოფოდან გამოწერეს #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ მცველი, გოგა ჩაბრაძე, რომელიც წყალტუბოს „სამგურალთან“ შეხვედრისას წაიქცა და ნაადრევად შესაცვლელი გახდა, უკვე კარგად არის და მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება – ამის შესახებ ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახური იუწყება.
„გოგა ჩაბრაძე უკვე სამედიცინო დაწესებულებიდან გამოწერეს“, – წერია ბათუმელთა განცხადებაში.
უსიამოვნო ამბავი წყალტუბოს „სამგურალისა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრის 52-ე წუთზე მოხდა. საქმე ისაა, რომ მასპინძელთა მცველმა, დავით მაისაშვილმა ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელს ორთაბრძოლისას ხელი ყელში კრა – ჩაბრაძე დიდი ხანი ვერ დგებოდა.
ბათუმელთა მცველის, ეროვნული ნაკრების წევრის მდგომარეობა იმდენად რთული გამოდგა, რომ ჩაბრაძე ვერ წამოდგა, ექიმების ჩარევა გახდა საჭირო და მოედნიდან სასწრაფო დახმარების მანქანით ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამის გამო თამაში 10 წუთით შეწყდა და მხოლოდ მას შემდეგ განახლდა, სანამ სტადიონზე სასწრაფოს მეორე მანქანა არ გამოჩნდა – ეს ფეხბურთის ფედერაციის დებულებით გათვალისწინებული პუნქტია.