ეროვნულ ლიგა 2-ში მწვრთნელების შეცვლის სეზონი გაიხსნა. მე-12 ტურის მატჩების შემდეგ, ახალი დამრიგებელი სამმა გუნდმა დანიშნა. ბოლო მათგანი წყალტუბოს „სამგურალში“ აღმოჩნდა, რომელიც სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა.
გია გიგატაძის ნაცვლად, რომელმაც გუნდი საკუთარი ნებით დატოვა, 33 წლის ბესიკ ხაჭიპერაძე იმუშავებს. გამოცდილმა სპეციალისტმა გუნდიდან წასვლა მე-12 ტურში „ნორჩ დინამოსთან“ მარცხის შემდეგ გადაწყვიტა.
„სამწუხაროდ, „სამგურალს“ თამაში არ წაუვიდა და გიგატაძემ გუნდიდან წასვლა თავად გადაწყვიტა. ხაჭიპერაძე ახალგაზრდა კაცია, საწვრთნელო განათლების კურსები წარმატებით გაიარა, ბოლო წლებში დიდი გამოცდილება დააგროვა და იმედი გვაქვს, რომ გუნდის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს“, – ამბობს გუნდის დირექტორი ამირან ვარდანიძე.
შეგახსენებთ, რომ მე-12 ტურის შემდეგ, მთავარი მწვრთნელი ქობულეთის „შუქურასა“ და მარტვილის „მერანშიც“ შეცვალეს.