„სამგურალმა“ ნიკა და ლუკა ხორხელების ტრანსფერი დაადასტურა - ძმებმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმეს #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალის“ პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდმა ბოლნისის „სიონიდან“ ძმები ნიკა და ლუკა ხორხელები დაიმატა.
„წყალტუბოს „სამგურალი“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველებით – ნიკა და ლუკა ხორხელებით გაძლიერდა. ფეხბურთელებმა კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი გუნდის ახალწვეულებს „სამგურალთან“ ერთად“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ძმები ახალ გუნდში „სიონიდან“ გადავიდნენ. გასულ სეზონში ხორხელები ბოლნისური გუნდის ლიდერები და ეროვნული ლიგის გამორჩეული ფეხბურთელები იყვნენ.
21 წლის ნიკა ხორხელმა გასული სეზონის 32 შეხვედრაში ცხრა გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ახალგაზრდულ ნაკრებში ხუთი შეხვედრა ჩაატარა. დებიუტი უკრაინასთან ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა, სადაც თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.
22 წლის ლუკა ხორხელმა გასული ჩემპიონატის 34 შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი მიითვალა. ლუკაც მიწვეული იყო ახალგაზრდულ ნაკრებში, სადაც ოთხი შეხვედრა ჩაატარა.