„სამგურალის“ მწვრთნელი შეკრებით კმაყოფილია - გუნდები გაძლიერდნენ და დაძაბული ჩემპიონატი გველოდება #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“ თურქეთში მოსამზადებელი შეკრება დაასრულა და საქართველოში გამოემგზავრა. თურქული შეკრება გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ შეაფასა.
„თურქეთში ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა. ეს ეტაპი გუნდის ჩამოყალიბებისთვის და შეთამაშებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩავატარეთ საკონტროლო მატჩები, საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავდა და კარგი სპარინგები გამოვიდა. სასიხარულოა, რომ შეკრება მოგებით დავასრულეთ.
შეკრებას დადებითად შევაფასებ. ეს გუნდთან გაცნობის ეტაპი იყო – ახალი სამწვრთნელო შტაბი, ახალი ფეხბურთელები, ახალი სათამაშო მოდელი. სიახლეებთან შეწყობას დრო დასჭირდა, ამისთვის ერთი თვეც არაა საკმარისი, გუნდის რეალური სახე და შესაძლებლობები დროის სვლასთან ერთად უფრო გამოჩნდება.
33 დღე ვიყავით ანტალიაში, საკმაოდ რთულია, ამდენი ხნით შეკრებაზე სხვა ქვეყანაში ყოფნა, მაგრამ ეს გუნდის მომზადებისთვის და ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის საქართველოში არაერთი სტადიონის განახლება მიმდინარეობს და სავარჯიშო მოედნებიც კეთდება, მათ შორის წყალტუბოში.
ამიტომ ამ ეტაპზე საქართველოში ამ დონეზე მომზადებას ვერ შევძლებდით – საქართველოში არც შესაბამისი ამინდი იყო და არც მოსამზადებელი პირობები. გუნდში გვყავს ახალწვეული ლეგიონერები, რომლებსაც დადებითად შევაფასებ, მათ შეუძლიათ გუნდის გაძლიერება. გვყავს კიდევ რამდენიმე კანდიდატურა და ველოდებით მათ ჩამოსვლას.
ჩემპიონატი 26 თებერვალს დაიწყება. პირველ ტურში, რომელიც ყოველთვის რთულია, „გაგრას“ ვეთამაშებით – ძალიან კარგ გუნდს, კარგი მწვრთნელითა და კარგი ფილოსოფიით. მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ფავორიტებს რაც შეეხება, როგორც ყოველთვის, თბილისის და ბათუმის „დინამოები“, ქუთაისის „ტორპედო“, გორის „დილა“ და „საბურთალო“ კარგი გუნდები იქნებიან და წლეულსაც მაღალი მიზნები ექნებათ. გუნდები გაძლიერდნენ და ვფიქრობ, საინტერესო და დაძაბული ჩემპიონატი გველოდება“, – ამბობს გიორგი ჭელიძე.