„სამგურალის“ მწვრთნელი - ჩემი ძმა „ტორინოს“ მთავარი მწვრთნელია და ჩვენს ფეხბურთელზე დაკვირვება შევთავაზე #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა როდოლფო ვანოლიმ კლუბის პრეს-სამსახურთან ინტერვიუში ბევრი საინტერესო განცხადება გააკეთა. საინტერესოა, რომ იტალიელი სპეციალისტის ძმა სერია „ა“-ს „ტორინოს“ მთავარი მწვრთნელი პაოლო ვანოლია და ამბობს, რომ მას „სამგურალის“ რამდენიმე მოთამაშეზე დაკვირვება შესთავაზა.
როდოლფო ვანოლი ქართულ გუნდს გასული წლის ოქტომბრიდან წვრთნის. წყალტუბოელებმა მისი ხელმძღვანელობით წინა ჩემპიონატში 8 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს. ამჟამად გუნდი ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ემზადება.
„გუნდისთვის ორკვირიანი მოსამზადებელი ეტაპი მნიშვნელოვანი იყო. ხუთი ამხანაგური შეხვედრა ვითამაშეთ და ვფიქრობ, ჩემპიონატისთვის კარგად მოვემზადეთ. შეიძლება ითქვას, რომ ისეთი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ახალი გუნდი დაიბადა, რომლებიც ჩემს საფეხბურთო მენტალიტეტს და ფილოსოფიას კარგად ეწყობიან.
რაც „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი გავხდი, მხოლოდ ერთი თამაში წავაგეთ, დანარჩენში კი ჩვენთვის მისაღები ანგარიში დაფიქსირდა. კლუბის პრეზიდენტი მიხეილ იაშვილი ისეთი გუნდი შექმნას ცდილობს, რომლითაც წყალტუბო ყოველთვის იამაყებს.
მალე ეროვნული ლიგა დაიწყება. „სამგურალი“ რა მიზნებისთვის იბრძოლებს? გამოწვევებისთვის მზად ვართ. ჩემი მიზანია, „სამგურალის“ ფეხბურთელებთან ერთად ისტორიაში შევიდე, როგორც წარმატებული მწვრთნელი. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
საქართველოში უკვე 6 თვეა მუშაობ. დავრწმუნდი, რომ საინტერესო ჩემპიონატია, რომელშიც ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს, მათ შეუძლიათ განვითარდნენ და დიდ დონეზე ითამაშონ. არიან ისეთებიც, რომლებიც სერია ა-შიც თავისუფლად ითამაშებდნენ. ჩემი უმცროსი ძმა პაოლო ვანოლი „ტორინოს“ მთავარი მწვრთნელია, მას ჩვენს ორ ფეხბურთელზე ვესაუბრე და მათზე დაკვირვება შევთავაზე. თუმცა, ამ ეტაპზე, კონკრეტულ გვარებს ვერ დავასახელებ.
ზოგადად, ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. როცა გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ნიკა ხორხელი იჯარით „იბერიაში“ გადავიდა, გუნდის პრეზიდენტისთვის ახალი თავდამსხმელის მოყვანა არ მითხოვია, რადგანაც, მჯერა, რომ ჩვენს ახალგაზრდებს კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და მათი მეიმედება. ჩვენი კლუბის მიზანიც ის უნდა იყოს, რომ ახალგაზრდები დავაწინაუროთ და მათ გაზრდის საშუალება მივცეთ“, – ამბობს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი.