წყალტუბოს „სამგურალი“ მოსამზადებლად ანტალიაში გაემგზავრა. გიორგი ჭელიძის გუნდი თურქეთში 17 თებერვლამდე დარჩება და ორ შეკრებას გაივლის.
გუნდმა მზადების პირველი ეტაპი წყალტუბოში დაასრულა, რომელიც 8 იანვრიდან 15 იანვრამდე მიმდინარეობდა. რაც შეეხება თურქულ შეკრებას, 17-დან 31 იანვრის ჩათვლით „სამგურალი“ Grand Park Lara-ში იცხოვრებს, პირველი თებერვალიდან კი სასტუმროს შეიცვლის, Aska Lara Hotel-ში გადაინაცვლებს და 17 თებერვლამდე მეორე შეკრებას გაივლის.
„სამგურალი“, სავარჯიშო პროცესის გარდა, თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებს. სულ გუნდი რვა მატჩს გამართავს. „სამგურალი“ ანტალიაში განახლებული შემადგენლობით მიემგზავრება. გუნდმა ბოლნისის „სიონიდან“ დაიმატა ძმები ლუკა და ნიკა ხორხელები, „დინამო თბილისიდან“ – 20 წლის ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე, ხოლო „ლოკომოტივიდან“ – 18 წლის მეკარე გიორგი ლომაია.