„სამგურალი“ „საბურთალოს“ წინააღმდეგ - დღეს საქართველოს თასის მფლობელი გაირკვევა #1TVSPORT
დღეს, 8 დეკემბერს, ქუთაისში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს ეროვნული ლიგის წარმომადგენლები წყალტუბოს „სამგურალი“ და თბილისის „საბურთალო“ დაუპირისპირდებიან.
„სამგურალის“ მესამე ცდა
წყალტუბოს „სამგურალი“ თასის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს, ისტორიაში კი – მესამედ. პირველად ეს 1999 წელს მოხდა.
თასის მოგების წინა ორი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. თუმცა, ახლა წყალტუბოელებს ისტორიული შანსი აქვთ, პირველად მოიგონ ტიტული და ასევე პირველად იასპარეზონ ევროტურნირებზე. აღსანიშნავია, რომ ამ მნიშვნელოვან შეხვედრას „სამგურალი“ დანაკლისის გარეშე ხვდება.
„საბურთალო“ მეორე ტიტულის იმედად
„სამგურალის“ მეტოქე ეროვნული ლიგის ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდული, სწრაფი და შემტევი გუნდი „საბურთალოა“.
საინტერესო დამთხვევაა – ფინალი 8 დეკემბერს იმართება – თბილისელებმა კი თასი პირველად სწორედ ამ დღეს, 2019 წლის 8 დეკემბერს მოიპოვეს, როდესაც გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით „ლოკომოტივი“ 3:1 დაამარცხეს.
მაშინდელი გუნდიდან ახლა ქალაქელთა ღირსებას რამდენიმე ფეხბურთელი იცავს – ლევან კაკუბავა, გიორგი გულიაშვილი, იური ტაბატაძე, ნიკოლოზ მალი, თორნიკე მეგრელიშვილი და დაჩი ცნობილაძე, თუმცა ეს უკანასკნელი ტრავმირებულია და თავისიანებს ვერ დაეხმარება. „ლოკომოტივს“ ლევან კორღალიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ახლა „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელია.
გზა ფინალამდე
„საბურთალომ“ ფინალამდე ოთხი გუნდი ჩამოიშორა – პირველ ეტაპზე „სპაერს“ 1:0 აჯობა, შემდეგ „დილასთან“ 3:1 გაიმარჯვა, მეოთხედფინალში „გარეჯი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ამავე ანგარიშით ბათუმის „დინამოს“ აჯობა.
„სამგურალმა“ პირველ ეტაპზე „ჭიათურას“ 3:0 მოუგო, შემდეგ ბოლნისის „სიონს“ – დამატებით დროში. ასევე დამატებით დროში მიაღწია წარმატებას მეოთხედფინალში ლიგა 3-ის წარმომადგენელ „გორთან”, ნახევარფინალში კი დრამატულ შეხვედრაში ქობულეთის „შუქურა“ 3:2 დაამარცხა.
„საბურთალო“ და „სამგურალი“ ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ – თბილისელებმა ორივე საშინაო მატჩში წყალტუბოელები დაამარცხეს 2:0 და 2:1, ხოლო სტუმრად ფრედ ითამაშეს – 0:0 და 1:1.
პოლონელი მსაჯები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ფინალურ შეხვედრას პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი იაროსლავ პშიბილი იქნება, მას ასისტენტობას კონრად საპელა და არკადიუშ ვუიჩიკი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ირაკლი კვირიკაშვილი იქნება.
დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი
სამგურალი – საბურთალო
8 დეკემბერი. „რამაზ შენგელია არენა”. 17:00