სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ბასიანი 2021“ გაიხსნა
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ბასიანი 2021“ გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებით, სწავლება „ბასიანი 2021“ დაიწყო. სამეთაურო-საშტაბო სწავლება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ გახსნა. მან მოწვეულ სტუმრებს და მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ყურადღება უწყებათაშორის თანამშრომლობაზე გაამახვილა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში აღმოსავლეთის სარდლობის შტაბი, პირველი ქვეითი ბრიგადა, განათლების, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობები, ეროვნული გვარდია, სპეციალური ოპერაციების ძალები, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას. „ბასიანი 2021“ ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სწავლება მიზნად ისახავს კომპონენტების დახვეწას, რაც აუცილებელია საბრძოლო მოქმედებებისა და თავდაცვითი ოპერაციების წარმოების დროს. როგორც თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, სწავლების ყველა ფაზა ნატო-ს კოლექტიური წვრთნებისა და სწავლების სახელმძღვანელოს დირექტივების მიხედვით განხორციელდება.