სამეგრელოში 16 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამეგრელოში 16 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სამეგრელოდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი 16-ვე ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, – ამის შესახებ  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრცეში 36 ადამიანი იმყოფება, ხოლო რეგიონში თვითიზოლაციას 174 პირი გადის. ამ პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაცია მოეხსნა 837 მოქალაქეს.

„რეგიონში მდგომარეობა სტაბილურია, სასიხარულოა, რომ ჩვენ ორი  გამოჯანმრთელებული გვყავს. ზუგდიდის ინფექციურში ამჟამად „კოვიდ-19“-ზე არავინ გადის მკურნალობას. გვყავს ერთი ინფიცირებული, რომელიც ამჟამად მკურნალობს ბათუმში.

ეს არის სასიხარულო, თუმცა არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას, ვინაიდან საფრთხე ჯერ კიდევ არ არის არიდებული“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, სასაფლაოების დახურვის შემდეგ ტერიტორიაზე შესვლის კუთხით რამე სახის სამართალდარღვევა არ დაფიქსირებულა. გუშინ კი, რეგიონის მასშტაბით საგანგებო რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის შვიდი პირი დაჯარიმდა, მათ შორის ერთი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების წესის დარღვევისთვის, მეორე კი, კომენდანტის საათის დროს გადაადგილების წესის დარღვევისთვის.