„სამეგრელოს“ მთავარი მწვრთნელი - სლოვენიურ „მურასთან“ გამარჯვება და ფინალში ჩვენი გასვლა დიდი სენსაცია იყო #1TVSPORT
ქალთა საფეხბურთო კლუბის, „სამეგრელოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გია კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე სლოვენიურ „მურასთან“ გამარჯვებაზე კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.
ცხრა მოთამაშით დარჩენილმა საქართველოს ჩემპიონმა ოთხთა ტურნირის ნახევარფინალში ფავორიტი „მურა“ საკუთარ მოედანზე პენალტების სერიაში დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც 9 სექტემბერს კვიპროსულ „აპოლონს“ დაუპირისპირდება.
„ეს გამარჯვება ქართული ქალთა ფეხბურთისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. „მურა“ ძლიერი მეტოქეა. შესაბამისად, ჩვენი მოგება და ფინალში ჩვენი გასვლა დიდი სენსაცია იყო. ბუნებრივია, პირველ ნომრად ვერ ვითამაშებდით, მაგრამ კონტრშეტევებზე თამაში გვქონდა დაგეგმილი და ეს კარგად გამოგვივიდა.
ყველა უპირობო ფავორიტად სლოვენიელებს მიიჩნევდა და მომენტებში გადავრჩით. ამას გარდა, ბოლოს ორი ფეხბურთელი გაგვიგდეს და დამატებითი დრო ცხრა მოთამაშით ჩავატარეთ. მთლიანობაში, ფეხბურთელებმა დავალებები კარგად შეასრულეს და მიზანს მივაღწიეთ.
ძალიან კარგად ითამაშეს ლეგიონერებმა და იმედები გაგვიმართლეს – განსაკუთრებით პორტუგალიელმა მეკარემ, ანდრეა ფერნანდეშ ნევეშმა, რომელმაც „მურასთან“ ორი პენალტი მოიგერია და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ფინალში ძალიან ძლიერ კვიპროსულ გუნდს, „აპოლონს“ შევხდებით, რომელმაც ნახევარფინალში 9:0 მოიგო – ფინანსურად კარგად არიან და ბევრი ლეგიონერი ჰყავთ, მაგრამ ბურთი მრგვალია“, – ამბობს გია კვარაცხელია.