სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა.
მისი თქმით, სულ ტესტირება ჩაუტარდა 838 მოქალაქეს.
„კორონავირუსი დაუდასტურდა ზუგდიდში შვიდ ადამიანს, მათგან ერთი მოსწავლეა – რეპეტიტორის კონტაქტი, ორი ცხელებით შესული პაციენტია და ოთხი ოქროს ბირჟის კლასტერი. ამასთან, ხობში ორი დადასტურებული შემთხვევაა, რომლებიც ადრე გამოვლენილ კონტაქტებს უკავშირდება. სენაკში კოვიდინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევაა და ასევე გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტებია. ოკუპირებული საბერიოს კლასტერიდან არის ოთხი ახალი შემთხვევა, ბოლო ერთი საკარანტინე სივრციდან. კორონავირუსი დადასტურდა ასევე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. აქ სულ ხუთი შემთხვევაა, რომელთაგან ორი საირმეში იმყოფებოდა და კავშირი ჰქონდა კოვიდინფიციებულთან, სამი კი ჩხოროწყუს საავადმყოფოს მედპერსონალია“, – განაცხადა თორიამ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
„სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 131-ს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 58 კოვიდპაციენტი, აქედან ხუთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 26 კოვიდპაციენტი მკურნალობს. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 131 ადამიანი. ჩხოროწყუს საავადმყოფო პაციენტების მიღებას დროებით შეწყვეტს“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.