სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტში უარყოფენ, რომ ქუთაისში ახალგაზრდა ქალის ჰოსპიტალიზაცია დაგვიანდა

19:06, 03.11.2020

სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე ქუთაისში, 26 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა 31 ოქტომბერს, გამოძახებიდან 20 წუთში იყო მისამართზე და პაციენტი სუნთქვის გაძნელებითა და ცხელებით „უნიქალ მედში“ გადაიყვანა, სადაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.

მისივე თქმით, პაციენტი პირველ ნოემბერს გარდაიცვალა, ამავე დღეს გახდა ცნობილი „პისიარ“ ტესტის პასუხიც, რომლითაც დადგინდა, რომ ახალგაზრდა „კოვიდ-19“-ით იყო ინფიცირებული.

ამირან გოგიტიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმციას, თითქოს პაციენტის ჰოსპიტალიზაციის პროცესი გახანგრძლივდა.

გარდა ამისა, სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურში აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით დაბალი წნევის გამო, გამოძახება 26 ოქტომბერსაც შევიდა, თუმცა მოგვიანებით გაუქმდა, ვინაიდან ოპერატორს ზარის ინიციატორმა განუცხადა, რომ პაციენტი თავს კარგად გრძნობდა.

„26 წლის პაციენტთან დაკავშირებით სასწრაფო სამედიცინო სამსახურში გამოძახება შემოვიდა 26 ოქტომბერს. გამოძახების მოტივი იყო დაბალი წნევა. სასწრაფო დახმარების ჯგუფის გაგზავნამდე როდესაც ინიციატორს ოპერატორი დაუკავშირდა, მას მიუთითეს, რომ პაციენტი თავს კარგად გრძნობდა და არ იყო სასწრაფო დახმარების მისვლის საჭიროება, რის შედეგადაც, 26 ოქტომბერს გაუქმდა გამოძახება.

მეორე გამოძახება დაფიქსირდა 31 ოქტომბერს 01:27 საათზე, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მყისიერად გავიდა შემთხვევის ადგილზე. დაახლოებით 20 წუთში იყო პაციენტთან და მოხდა პაციენტის ტრანსპორტირება კლინიკა „უნიქალ მედში“.

მინდა, აღვნიშნო, რომ გამოძახების მოტივი ამ შემთხვევაში იყო სუნთქვის გაძნელება, პაციენტი სუნთქვის გაძნელებით და ცხელების დიაგნოზით იქნა გადაყვანილი კლინიკაში. სამწუხაროდ, პაციენტი პირველ ნოემბერს გარდაიცვალა. აქვე, მინდა, აღვნიშნო ის, რომ პაციენტს ჩაუტარდა „პისიარ“ ტესტი და გარდაცვალების მომენტში დადგინდა, რომ იყო კოვიდინფიცირებული. ცალსახად არ ვადასტურებ იმას, რომ მოხდა გახანგრძლივებული რეაგირება ან გახანგრძლივებული ჰოსპიტალიზაცია, ვინაიდან ბრიგადამ შემთხვევის ადგილზე მისვლიდან დაიწყო პაციენტის ტრანსპორტირება“, – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

მსგავსი