სამედიცინო სპეციალისტების ევროპული კავშირი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამედიცინო სპეციალისტების ევროპული კავშირი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის შემადგენლობაში არსებულმა სამედიცინო სპეციალისტების საქართველოს ასოციაციამ მათ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით არსებული მონაცემები გაუზიარა, რომელიც საქართველოს ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტია.
„ექიმი გაფრინდაშვილი პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ცხინვალის რეგიონში ყოფნის დროს დააკავა ხელისუფლებამ, რომელიც რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ იმყოფება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამედიცინო ნეიტრალიტეტის და ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო პრინციპები ყოველთვის უნდა იყოს დაცული.
„ექიმისთვის სამედიცინო დახმარების დაწევაში ხელის შეშლა ან ამ ქმედების გამო სანქციების დაწესება, საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, რაც მოიცავს კონვენციებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციას აქვს დაკისრებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სამედიცინო სპეციალისტთა ევროპული კავშირი, სამედიცინო სპეციალისტების საქართველოს ასოციაციასთან ერთად გმობს დაკავების ფაქტს. ორგანიზაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას ითხოვს.
ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ორგანიზაცია იმედს იტოვებს, რომ რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო ვალდებულებებს პატივს სცემს და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებელ გათავისუფლებას უზრუნველყოფს.