სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ „ნიუ-ჰოსპიტალსში“ ალექსანდრე ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა დაიწყო
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ „ნიუ-ჰოსპიტალსში“ ალექსანდრე ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა დაიწყო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კლინიკა „ნიუ-ჰოსპიტალსში“ ალექსანდრე ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა უკვე დაიწყო, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს „ტვ პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კლინიკა „ნიუ-ჰოსპიტალსში“ ალექსანდრე ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა უკვე დაიწყო. სააგენტოს სპეციალისტების და ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობით მოკვლევის შედეგები საზოგადოებისთვის უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.