სამართალდამცველები პარლამენტთან აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი
სამართალდამცველები პარლამენტთან აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი

სამართალდამცველები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ „წინააღმდეგ შეთხვევაში, მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად“.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დაიძაბა ვითარება, რაც პლენარული სხდომა დასრულდა და აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა პარლამენტის იმ შესასვლელებისკენ, საიდანაც დეპუტატებმა უნდა დატოვონ საკანონმდებლო ორგანო. აქციის მონაწილეები ცდილობენ შესასვლელების ბლოკირებას, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი, ასევე წყლის ჭავლის მანქანა. ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეთა მიმართ გამოიყენეს წიწაკის სპრეი.

აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებენ. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ცოტა ხნის წინ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.