სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ალექსანდრ ლუკაშენკო ულოცავს
სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ალექსანდრ ლუკაშენკო ულოცავს

სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ულოცავს. ბელარუსის ლიდერის მილოცვას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

„ბოლო წლებში ბელარუსულ-ქართული ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიდა. ამ ურთიერთობების მყარ ფუნდამენტს ბელარუსისა და საქართველოს ერების ურთიერთნდობა და ისტორიული მეგობრობა წარმოადგენს”, – ნათქვამია ალექსანდრ ლუკაშენკოს მილოცვაში.

ალექსანდრ ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებისკენ მიმართული ინტენსიური კონტაქტების განვითარება სრულად შეესაბამება ორი ქვეყნის ინტერესს და ხელს შეუწყობს სახელმწიფოთაშორისი დიალოგის გაძლიერებას.

ბელარუსის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს ყველა ჩანაფიქრისა და წამოწყების განხორციელება უსურვა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.  მან ამომრჩეველთა ხმების 59, 52 პროცენტი მიიღო, რაც რაოდენობრივად 1 147 627 ხმაა.