სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში მოიწვია
სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში მოიწვია.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.

ამასთან, ვლადიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს, საქართველო-უკრაინის ურთიერთობების 30 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღინიშნება.

„არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ახალ საფეხურზე აყვანა. ჩვენ შორის ყველა მიმათულებით არსებობს ინსტიტუუციური ჩარჩოები – უმაღლესი სტრატეგიული საბჭო, რომელიც მოიცავს ოთხივე დარგს – ეკონომიკას, პოლიტიკას, უსაფრთხოებას და კულტურას. ასევე, ხელი მოწერილი გვაქვს არაერთ დეკლარაციაზე ინვესტიციების დაცვის შესახებ თუ კულტურის დარგში, თუმცა განცხადებები და დოკუმენტები ყველაფერი არ არის, მნიშვნელოვანია შინაარსობრივი მხარე, მათი გააქტიურება არის საჭირო და არსებული ფორმატების ერთგვარი გაცოცხლება, კონკრეტული გადაწყვეტილებების შევსება. ტურიზმი ნამდვილად იყო „კოვიდამდე“ მზარდი და დიდი იმედი გვაქვს, ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება. ასევე, სავაჭრო ბრუნვაც უნდა გაძლიერდეს, უნდა ასახავდეს ჩვენ შორის მეგობრულ ურთიერთობას. ინვესტიციების მიმართულებით ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ შევქმნათ ეს ახალი პოტენციალი.

დღევანდელი ვიზიტი მხოლოდ საწყისია ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერებისა. პრეზიდენტ ზელენსკის ვეპატიჟები, 18 ივლისს ვიზიტით ჩამოვიდეს საქართველოში. ასევე, მესმის, რომ ყირიმის პლატფორმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და როგორც კი ჩავალთ, კოორდინაციის რეჟიმში გადავწყვეტთ, ვინ იქნება საქართველოს წარმომადგენელი ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო უთუოდ იქნება ამ პლატფორმაზე წარმოდგენილი. ამასთან, ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს ჩვენი ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ მაღალ დონეზე და შევთავაზე პრეზიდენტ ზელენსკის, კულტურული დღეებით აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.