სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები ღირსების მედლით დააჯილდოვა
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები ღირსების მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.

კერძოდ, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის დაჯილდოვდნენ:

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სუამში გიორგი ზაქარაშვილი; ქალაქ ოდესაში საქართველოს გენერალური კონსული თორნიკე ბერეკაშვილი; უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი კუკური თოფურია; უკრაინაში საქართევლოს საელჩოს და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგებლობის კონსული ნანა ჩაბრავა; საქართველოს საპატიო კონსული ქალაქ ოდესაში, ლვოვში, იაროსლავ მუზიჩკოვ.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქართველ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„მივესალმები უკრაინაში ჩვენი საელჩოს წარმომადგენლებს და ბატონ ელჩს. ვფიქრობ, ძალიან სწორია, რომ დიასპორის დღეს იმართება ეს ღონისძიება, რომელიც ეძღვნება თქვენს დაჯილდოებას. თქვენ წარმოადგენთ ჩვენი ქვეყნის სახეს უკრაინაში. ძალიან მძიმე დროს, რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიის დროს, თქვენ შეინარჩუნეთ უკრაინაში საქართველოს არა მხოლოდ წარმომადგენლობა, არამედ საქართველოს სახე. როდესაც ძალიან ბევრმა ჩვენზე დიდმა ქვეყანამ დატოვა საელჩო, გადაიყვანა ლვივში ან საზღვრების გარეთ, თქვენ შეძელით და თქვენმა საელჩომ კიევში, ჩვენმა საკონსულომ ოდესაში გააგრძელეს მუშაობა, ჩვენი დიასპორის, იქ მაცხოვრებელი ქართველების დახმარება. წამოსვლის მსურველების დახმარება და ადგილზეც ყველანაირი დახმარების გაწევა თავშესაფრის კუთხით და სხვა ბევრი ფორმით. მგონი, ეს ფაქტი არასაკმარისად არის ხაზგასმული, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენსა და უკრაინას შორის არსებულ ძალიან დიდი ხნის მეგობრობასა და სოლიდარობაზე. ის ფაქტი, რომ საქართველომ არ შეწყვიტა მართლაც ურთიერთობა ამ ძალიან რთულ პერიოდში და თქვენ არ ტოვებთ თქვენს ადგილს, რაც უნდა მძიმე პირობები იყოს. თუნდაც როცა იყო უშუალო საფრთხე კიევში რუსეთის ჯარების შემოჭრის, მაშინაც თქვენ ეხმარებოდით ადამიანებს, რომ იქ თავშესაფარი მოწყობილიყო. ეს არის ყველაზე დიდი ნიშანი ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და სოლიდარობის. ამას თქვენ გააგრძელებთ. ვიცი, რომ თქვენ ხართ მართლაც იმ ქართული დიპლომატიის წარმომადგენელი, რომლითაც ჩვენ, ყველანი ვამაყობთ. ეს არის დიდი ტრადიცია და ამ ტრადიციას თქვენ აგრძელებთ ღირსეულად. ჩვენ, ყველამ შეიძლება, ვიამაყოთ იმით, თუ როგორ მოიქცა საქართველოს საელჩო და ყველა საკონსულო ამ მძიმე პერიოდში. გისურვებთ გამძლეობას. ხვალ ბრუნდებით და თქვენს ჯგუფთან, გუნდთან ერთად გააგრძელებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ჰქვია საქართველოს წარმოდგენა იმ ქვეყანაში და საქართველოს მეგობრობის დადასტურება. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი