სალომე ზურაბიშვილმა სამხედროებს მიმართა - შეფასება, რომელიც ნატოელი პარტნიორებისგან მივიღეთ, დიდწილად თქვენი დამსახურებაა
სალომე ზურაბიშვილმა სამხედროებს მიმართა - შეფასება, რომელიც ნატოელი პარტნიორებისგან მივიღეთ, დიდწილად თქვენი დამსახურებაა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა.

მან სამხედროებს სიტყვით მიმართა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დადებითი შეფასებები, რომელსაც საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისგან იღებს, დიდწილად სამხედროების დამსახურებაა.

„მოგესალმებით, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა თქვენთან ერთად. დღეს თქვენი გაცილება ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში დიდი პატივია, რამეთუ თქვენ იქ ძალიან მაღალ მისიას ასრულებთ, თქვენი ქვეყნისთვის, საერთაშორისო გლობალური უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი ძალებისთვის, მათი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის.

ის შეფასება, რაც ჩვენ მივიღეთ რამდენიმე დღის წინ ჩვენი პარტნიორებისგან, ნატოელი პარტნიორებისგან არის დიდწილად თქვენი დამსახურება, თქვენი რეპუტაციის, ჩვენი ძველი ტრადიციული სამხედრო გმირობის რეპუტაციის, რომელიც დღემდე გრძელდება, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა.

დღეს მსოფლიო არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე, პანდემიის გამოწვევის წინაშე და ის ფაქტი, რომ საქართველო თავის ვალდებულებას ამ პირობებშიც ასრულებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ბევრზე მეტყველებს. მინდა, ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ. მინდა, გისურვოთ წარმატება, შემართება, მშვიდობიანი დაბრუნება სამშობლოში, თქვენს ოჯახებში. მინდა, ყველას ვუსურვო ჯანმრთელობა. ვიცი, რომ თქვენი მისია ავღანეთში იქნება წარმატებული. ღმერთი გფარავდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.