სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან მიგრაციის საკითხები განიხილა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ კრისტოფ კასტანერს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს მიგრაციისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს არალეგალური მიგრაციის შემცირების მიმართულებით, ამისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ინფორმირებას შესაბამისი საინფორმაციო კამპანიების საშუალებით. საქართველოს და საფრანგეთის მხარის ერთიანი პოზიციაა, ყველაფერი გაკეთდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის თავიდან ასაცილებლად.
რაც ეხება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებას, აღინიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა მიმდინარეობს, სისტემატურ რეჟიმში ხდება ინფორმაციის გაცვლა, საქართველოდან საფრანგეთში პოლიციის ატაშეები გაიგზავნა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაზე, საქართველოში წლის ბოლოს მიგრაციის თემაზე კონფერენციის ჩატარების შესახებ, რაც პრეზიდენტმა ევროკომისარებთან, დიმიტრის ავრამოპულოსთან და ფედერიკა მოგერინისთან ბრიუსელში შეხვედრებისას განიხილა. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია „ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაცია იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ეს ხელშეკრულება არსებობს, მათ შორის საფრანგეთთან. ამ მიმართულებით საგულისხმოა საპილოტე პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ქართველი სპეციალისტების გადამზადებას და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, განიხილეს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შემცირების საკითხები. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სამკურნალო მიმართულებით ჰუმანიტარული თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკითხი შესწავლილია და აღსანიშნავია, რომ მკურნალობის სტანდარტებსა და სამედიცინო სერვისის ღირებულებას შორის პრაქტიკული სხვაობა საფრანგეთსა და საქართველოს შორის თითქმის არაა.