სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას რამდენიმე ინიციატივაზე ისაუბრა
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას რამდენიმე ინიციატივაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს თავის რამდენიმე ინიციატივაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, წლების განმავლობაში ჩვენთან არსებობდა ქართველოლოგიური და კავკასიოლოგიური კვლევების მთავარი ცენტრი, რომელიც უნდა დავიბრუნოთ.

„აქ ჩამოდიოდნენ ქართველოლოგიის პროფესიის დაუფლების მსურველები; აქ ვზრდიდით ჩვენს უძლიერეს მეცნიერებს. ეს არის დარგი, რომელშიც ჩვენს ქვეყანას კონკურენტი ვერ ეყოლება. ეს ადგილი უნდა დავიბრუნოთ.

ენათმეცნიერებისა და ქართველოლოგიის გარდა, ეს ცენტრი უნდა აწარმოებდეს ინტერდისციპლინარულ კვლევებს საქართველოსა და კავკასიის შესახებ. ეს საშუალებას მოგვცემს, ჩვენ მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოსა და რეგიონის შესახებ.

ასეთი ცენტრის არსებობა საქართველოს მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. იგი ვერ აღდგება და ვერ იარსებებს ძლიერი სახელმწიფო ნებისა და მხარდაჭერის გარეშე. ამ იდეის მხარდაჭერა პატრიარქის მხრიდან გადამწყვეტია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, არქეოლოგიის დარგის გაძლიერება არის საჭირო.

„მხარდაჭერა პატრონაჟის სახით გამოვუცხადე ქართულ-პოლონურ არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიც ქუთაისში ძველი კოლხეთის კულტურის კვლევას ისახავს მიზნად. ასევე, გერმანულ მხარეს შევთავაზე ჩვენთან გერმანული არქეოლოგიური ინსტიტუტის ფილიალის დაფუძნება, რაც ხელს შეუწყობს „ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის“ კვლევას და შემდეგ – იუნესკოში ნომინაციის წარდგენას. კოლხეთი, რომელიც უძველესი დროიდან გვაკავშირებს ევროპასთან,  ევროპაში ჩვენი ერთგვარი სავიზიტო ბარათი შეიძლება იყოს.

მდიდარი არქეოლოგიური მემკვიდრეობის ქვეყანაში აუცილებელია, რომ არქეოლოგიის მიმართულება განვითარდეს და ეს  პროფესია მიმზიდველი გახდეს.  იმ დროს, როცა ბევრი არქეოლოგიური კერა ომებისა და ნგრევის შედეგად მსოფლიოში მიუწვდომელი გახდა, საქართველოს თავისი უნიკალური როლის დამკვიდრება შეუძლია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან ასევე ისაუბრა საკონფერენციო ტურიზმის ხელშეწყობაზე.

„ჩვენი ქვეყნის მიმართ შექმნილი მაღალი ინტერესიდან და მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საიმედო და სწრაფად განსავითარებელ მიმართულებას წარმოადგენს საკონფერენციო ტურიზმი. ამ კუთხით ქუთაისში, პრაქტიკულად, უკვე გვაქვს საერთაშორისო მასშტაბის საკონფერენციო ცენტრი – კერძოდ, ყოფილი პარლამენტის შენობა. საკონფერენციო  დანიშნულებისთვის მას არ სჭირდება რადიკალური ტრანსფორმაცია. ამავე დროს, ეს იქნება ყველაზე  სწორი გზა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის. ქუთაისის ინფრასტრუქტურა – აეროპორტი, რკინიგზა და ავტობანი აკმაყოფილებს ასეთი ცენტრისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას. წყალტუბოს სასტუმროთა ქსელი კი ბუნებრივად მიუერთდება ამ ახალ კომპლექსს და საინვესტიციო მიმზიდველობასაც შეიძენს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მან დიასპორის ჩართულობის გამყარებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„აუცილებლად მიმაჩნია, რომ დიასპორას პარლამენტში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, ინტერესების დამცველი. ასეთი პრაქტიკა არსებობს ევროპის ყველა ქვეყანაში, სადაც დიასპორა მრავალრიცხოვანია. უნდა ვიმსჯელოთ ამ გამოცდილების გაზიარებაზე. ასევე, სასურველია ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული „ემიგრანტის სახლის“ დაარსება, რათა ჩამოსული თანამემამულეებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ყველა საჭირო ინფორმაცია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.