სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელებს მიმართა - საქართველოს სჭირდება საერთაშორისო ასპარეზზე თავისი ღირსების გამოჩენა, ეს თქვენი მოვალეობაა და ვიცი, ამას შეძლებთ
სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელებს მიმართა - საქართველოს სჭირდება საერთაშორისო ასპარეზზე თავისი ღირსების გამოჩენა, ეს თქვენი მოვალეობაა და ვიცი, ამას შეძლებთ

სპორტი, ოლიმპიადა არის გაერთიანების, ერთობის და მშვიდობის სიმბოლო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს სჭირდება საზღვარგარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე თავისი ღირსების გამოჩენა და ამ საქმეში ოლიმპიელებს თავისი როლი აკისრიათ.

„პანდემიის გარდა, ჩვენ გავიარეთ ასევე ძალიან რთული წელი და არა მხოლოდ წელი, არამედ წლები დაპირისპირებისა და თქვენ აქაც გაქვთ ძალიან გამორჩეული როლი, რადგან სპორტი, ოლიმპიადა, ეს არის გაერთიანების, ერთობის და მშვიდობის სიმბოლო. ჩვენ გვჭირდება ეს სიმბოლოები, ამ სიმბოლოების გაძლიერება და ჩვენ გვჭირდებით თქვენ.

ამ ქვეყანას სჭირდება საზღვარგარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე თავისი ღირსების გამოჩენა, სჭირდება, რომ აღიარებული იყოს საქართველო და ესეც თქვენი მოვალეობაა, თქვენ გეკისრებათ და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძლებთ. თქვენ წარმოგვაჩენთ იქ, როგორც ვართ ამ ღირსებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. გუშინ ერთად ვხვდებოდით ავღანეთიდან დაბრუნებულ მეომრებს. ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ავღანეთში, ძალიან რთულ პირობებში და ღირსეულად ატარეს საქართველოს სახე. თქვენ სხვაგვარად ხართ ხვალ, ზეგ საქართველოს სახე. იქ, სადაც იქნებით, ყველას გისურვებთ წარმატებას, გამარჯვებას. უკვე ხართ გამარჯვებული და ჩვენც ვართ თქვენთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა საქართველოში იაპონიის ელჩს, რომელიც დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდა და ტოკიოში პანდემიის პირობებში ოლიმპიადის ჩატარების გამოწვევაზე ისაუბრა.

„ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი დღეს აქ ყოფნა და ძალიან დიდი პატივია, რომ მაცვია თქვენი ფორმა, რადგან ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს ფორმა, ამის უკან რამდენი მუშაობა, რამდენი გამძლეობა, ვარჯიშში გატარებული რამდენი დღე დგას და ეს არის იმ მომავალი გამარჯვების ნამდვილი საწინდარი. გავიარეთ ძალიან რთული წელი-წელიწადნახევარი, რომელიც თქვენთვის ალბათ კიდევ უფრო რთული იყო, ეს პანდემიის წელი, რადგან სპორტსმენისთვის თუ არ შეიძლება შეჯიბრებებში მონაწილეობა, ასპარეზობა, ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან აფერხებს იმ განვითარებას, რომელიც აუცილებელია სპორტში და შემდგომი გამარჯვებისთვის. თქვენ ეს ყველაფერი განიცადეთ, თქვენ ამ ყველაფერს გაუძელით და დადგა ოლიმპიადის დღეები. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ბატონო ელჩო თქვენ ქვეყანას, რომელმაც მიიღო ეს გამოწვევა. ძნელია ვიცით, რადგან არ დაესწრებიან მაყურებლები და მხარდამჭერები. ძალიან რთულია, როცა გამოდიხარ ცარიელ სტადიონზე, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მაინც იაპონიას, რომ ეს შეძლო. ვიცით, რამდენად რთული ამოცანა იყო ეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ტოკიოს ოლიმპიადიდან პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.