საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
სალომე ზურაბიშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან, პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისთან და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისთან.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საქართველო – ლიეტუვის შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გაძლიერება და ამ მიმართულებით საქართველოს პარტნიორთა მობილიზება.
საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დეპუტატი ბექა ოდიშარია, პრეზიდენტის ადმინსიტრაციის უფროსის მოადგილე ქეთევან მახარაშვილი.
როგორც ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ განაცხადა, ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი პირველი ოფიციალური ვიზიტი საზღვარგარეთ სწორედ ვილნიუსში შედგა, ორ ქვაყანას შორის ურთიერთობის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე მიუთითებს.
„პრეზიდენტების შეხვედრისას საუბარი შეეხება ყველა სტრატეგიულ მიმართულებას. ლიეტუვა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ გვაქვს ურთიერთმხარდაჭერა ყველა აქტუალურ მიმართულებაზე. ორი პრეზიდენტის შეხვედრისას საუბარი შეეხება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შემდგომ გაღრმავებას. ლიეტუვა არის ქვეყანა, რომელიც მაქსიმალურად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ნატო-სა და ევროკავშირს და ასევე, ლიეტუვა მიისწრაფვის იმისკენ, რომ ჩვენი პარტნიორების, ჩვენი ერთგული მეგობრების კონსოლიდაცია და მათი მხარდაჭერა მოხდეს საქართველოსთვის ამ გზაზე. რასაკვირველია, პრეზიდენტების შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციას”, – განაცხადა ხათუნა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების ნათელი მაგალითი იქნება ის დოკუმენტი, რასაც ხელი მოეწერება პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში. ლიეტუვისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები ხელს მოაწერენ კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციას.
„როგორც მოგეხსენებათ, ლიეტუვასთან ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების დარგში. კიბერუსაფრთოება სწორედ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ეს დოკუმენტი, რომელსაც ხელს მოაწერენ ლიეტუვას და საქართველოს თავდაცვის მინისტრები, ითვალისწინებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას, ჩვენს წინაშე არსებული ერთობლივი გამოწვევებისა და საფრთხეების იდენტიფიცირებას, მათი განეიტრალებისათვის ერთობლივი პოზიციების კიდევ უფრო გააქტიურებას”, – განაცხადა ხათუნა სალუქვაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში ვიზიტს 8 მარტს დაასრულებს.