სალომე ზურაბიშვილმა კამალა ჰარისს თბილისში ქალი ლიდერების მონაწილეობით მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო
სალომე ზურაბიშვილმა კამალა ჰარისს თბილისში ქალი ლიდერების მონაწილეობით მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო

საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პარიზის მშვიდობის ფორუმსა და იუნესკო-ს 75 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პარიზის მშვიდობის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე, რომელიც „მშვიდობიანი მომავლისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის შენარჩუნებას“ ეხებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანზე და აღნიშნული არჩევანის განხორციელების პროცესში საქართველოს პარტნიორებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და როლზე.

საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ასევე მსოფლიო ლიდერებისთვის საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით ელისეს სასახლეში გამართულ მიღებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილს შესაძლებლობა ჰქონდა, ესაუბრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან, რომელსაც რეგიონში მიმდინარე პროცესები და საკუთარი ინიციატივა გააცნო, თბილისში ქალი ლიდერების მონაწილეობით კონფლიქტის გადაჭრის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ. პრეზიდენტი ქვეყანაში და რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ასევე ესაუბრა: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს და ისლანდიის პრეზიდენტს გუდნი იოჰანესონს.

პარიზში საქართველოს პრეზიდენტმა იუნესკო-ს 75 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და იუნესკო-ს კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესების ინიციატივით მიმართა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით კავკასიური ენების გადარჩენას ისახავს მიზნად.