სალომე ზურაბიშვილმა ისრაელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო
სალომე ზურაბიშვილმა ისრაელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისრაელში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. ქალაქ იერუსალიმში სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად ჰოლოკოსტის მე-5 მსოფლიო ფორუმს დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტს აეროპორტში დახვდნენ ისრაელის მთავრობის მდივანი ცახი ბრავერმანი, სოციალურ საქმეთა მინისტრი გილა გამლიელი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი იუვალ როტემი, ისრაელის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელი მერონ რეუვენი, საქართველოს ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია.

ისრაელში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ისრაელის პრეზიდენტთან, რუვენ რივლინთან, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან, კანადის გენერალ-გუბერნატორთან და ფორუმში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია „სიონის მეგობრები“, რომელიც 70 მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს, საქართველოს პრეზიდენტს, როგორც საქართველოს სახელმწიფო მეთაურს, ქართველი ხალხის მხრიდან ებრაელებისა და ისრაელის სახელმწიფოსადმი მეგობრობისა და თანადგომისათვის „სიონის მეგობართა ორგანიზაციის“ უმაღლეს ჯილდოს გადასცემს. ორგანიზაციის ჯილდოები, რომლის პირველი თავმჯდომარე ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი იყო, მიღებული აქვთ აშშ-ის პრეზიდენტებს ჯორჯ ბუშს, დონალდ ტრამპსა და მსოფლიოს რამდენიმე ლიდერს.

იერუსალიმსა და თელ-ავივში სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილი აქვს შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან – ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით შიმონ პერესის მშვიდობისა და ინოვაციების ცენტრსა და შშმ პირთა, გასაჭირში ჩავარდნილი პირებისა და მოხუცთა დახმარების სწრაფი რეაგირების ორგანიზაციაში „იად სარა“.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართება ასევე ისრაელის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, ისრაელის პოლიტიკაში, ბიზნესსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში წარმატებულ ქალებთან.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები მსოფლიო ებრაული სააგენტოს – სოხნუთის თავმჯდომარესთან, იცხაკ (ბუჟი) ჰერცოგთან და იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქთან, თეოფილე მესამესთან.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების პროგრამაში, პრეზიდენტის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კულტურული პროგრამა, რომლის ფარგლებში იგი რამდენიმე მუზეუმს ეწვევა. პრეზიდენტი ასევე შეხვდება ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა სათვისტომოს წარმომადგენლებსა და ისრაელში დაბადებულ ქართველ ებრაელთა წარმატებული ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს.

საქართველოს პრეზიდენტი, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კულტურის მინისტრთან და ქალაქ იერუსალიმის მერთან ერთად, იერუსალიმში საქართველოს საპატიო საკონსულოს ახალ ოფისს გახსნის.