სალომე ზურაბიშვილმა იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა
სალომე ზურაბიშვილმა იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის თავმჯდომარეს, აკიკო სანტოს და თავმჯდომარის მოადგილეს, ტოშიო ოგავას შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები პოლიტიკის, კულტურისა და ეკონომიკის მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.

აკიკო სანტომ აღნიშნა, რომ იაპონია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ამასთან, პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღინიშნა საქართველოს, როგორც ეკონომიკური ჰაბის, მნიშვნელობა და საუბარი შეეხო საქართველო-იაპონიას შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობას.