სალომე ზურაბიშვილმა ენერგოეფექტურობის მე-5 ყოველწლიური გლობალური კონფერენცია გახსნა
სალომე ზურაბიშვილმა ენერგოეფექტურობის მე-5 ყოველწლიური გლობალური კონფერენცია გახსნა

კრიზისზე საპასუხოდ, საქართველომ დააჩქარა ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მიღების პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ენერგოეფექტურობის მე-5 ყოველწლიურ გლობალურ კონფერენციაზე განაცხადა. კონფერენცია სწორედ საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბოლო კვირებში საქართველომ წარადგინა ახალი სტანდარტები და რეგულაციები ენერგოეფექტურობისთვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობებისთვის ეკონომიკური აღდგენა და მდგრადი ენერგია აღარ უნდა იყოს ურთიერთგამომრიცხავი; საჭიროა, ფოკუსირება გაკეთდეს ენერგოეფექტურობის ცოდნასა და ტექნოლოგიაზე ნაკლებად მოწინავე ქვეყნებში.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსოფლიო არის კრიზისის პერიოდში, თუმცა ამავე დროს ეს არის შესაძლებლობების დროც.

„საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც აქვს ენერგოობიექტების მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობა, რომელსაც ეტაპობრივად ვანაცვლებთ, მაგრამ გარდამავალ პერიოდშიც კი, მშენებლობების უმრავლესობას ენერგოეფექტურობის დაბალი სტანდარტი ჰქონდა. ეს ქმნის შესანიშნავ საფუძველს ექსპერიმენტისთვის, თუ ჩვენ მზად ვართ, ამის გასაკეთებლად. ამ კრიზისზე საპასუხოდ, საქართველომ დააჩქარა ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მიღების პროცესი. ბოლო კვირებში წარადგინა ახალი სტანდარტები და რეგულაციები ენერგოეფექტურობისთვის. დამატებით, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოსთან ერთად, საქართველო მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტისა და ქუჩების განათების განახლებისკენ, შეცვლისკენ, წარადგინა საპილოტე ბიომასის მომარაგების ჯაჭვის პროექტი. ასევე გრძელდება ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურის მოწყობა მზის და თერმული ტექნოლოგიებით ხანდაზმულთა სახლებში და საბავშვო ბაღებში. ამან შეამცირა ენერგიის ხარჯები თითქმის 80 პროცენტით. სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია, შევთავაზოთ იგივე სარგებელი ჩვენ მოქალაქეებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.