სალომე ზურაბიშვილმა ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის მეტი ჩართულობის საკითხი დააყენა
სალომე ზურაბიშვილმა ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის მეტი ჩართულობის საკითხი დააყენა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან შეხვედრისას კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის მეტი ჩართულობის საკითხი დააყენა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა უმაღლეს წარმომადგენელთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის საკითხები განიხილა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობას საქართველოში და ჟენევის მოლაპარაკებებს, რომლის ფარგლებშიც, ევროკავშირს არა მხოლოდ მედიატორის, არამედ გარკვეულწილად გარანტორის როლიც აქვს.

უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც საქართველომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებების შესრულებისას მიაღწია, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობაში მიღწეული წინსვლისათვის.

პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელი საქართველოში მოიწვია.