სალომე ზურაბიშვილმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა პანდემიის მართვის საკითხები განიხილეს
სალომე ზურაბიშვილმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა პანდემიის მართვის საკითხები განიხილეს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ჰანს კლუგემ პანდემიის მართვის საკითხები განიხილეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს, ჰანს კლუგეს. შეხვედრისას განიხილეს პანდემიის პერიოდში საქართველოს მიერ ჯანდაცვის კუთხით გატარებული ღონისძიებები. ასევე, „კოვიდ-19“-ის ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობას, როგორც ეფექტიან ინსტრუმენტს მოსახლეობის ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ისე ფინანსური ტვირთის შემცირების კუთხით. პრეზიდენტმა აღნიშნა რომ საჭიროა მეტი პროგრამული ინტეგრაცია და საქართველოს ჩართულობა თუნდაც ისეთ პროგრამებში, რომლებიც ხელმისაწვდომია ევროკავშირის ქვეყნებისთვის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი შეეხო საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მართვის სირთულეებს და ამ კუთხით აქტიური მასშტაბური ინიციატივების და საერთაშორისო დახმარების საჭიროებას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, ონკოლოგიური დაავადებების მართვის მხრივ დამატებითი ჩართულობის შესახებ.

დატოვე კომენტარი